მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისი-ბარსელონას რეისის ბორტზე, ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა არ დასტურდება - ქარქაშაძე

wizzair

ქუთაისი-ბარსელონას რეისზე არსებულ ბორტზე, ამ დროისთვის ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა არ დასტურდება, - ამის შესახებ აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, მგზავრების შემოწმებაც დასრულებულია და რეისი 19:00 საათზე შესრულდება.

„ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა საჰაერო ხომალდზე, ამ დროის მონაცემებით, არ დასტურდება. მგზავრების შემოწმება სრულად დავამთავრეთ და ისინი განთავსებული არიან გაფრენის დარბაზში, აღნიშნული რეისი შესრულდება დღეს 19:00 საათზე. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სრულად დაუბრუნდა ოპერირების ჩვეულ რიტმს და ჩვენ განვაგრძობთ საჰაერო ხომალდების მიღებას და არცერთ სხვა რეისს არ ჰქონია შეფერხება და დაგვიანება, რაც შეეხება ამ კონკრეტულ საჰაერო ხომალდს, როგორც ჩვენი კომპეტენცია აქ არ არის და შესაბამისი სამსახურები ასრულებენ პროცედურებს და დარწმუნებული ვარ, ისინი თავად გააკეთებენ განცხადებას, თუმცა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მოცემული მომენტისთვის მიღებული ინფორმაცია არანაირად არ დასტურდება”, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

შეგახსენებთ: დღეს, 12:45 საათზე ქუთაისიდან ბარსელონაში გაფრენილი თვითმფრინავი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დააბრუნეს. ქუთაისის აეროპორტის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მიზეზი, კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გახდა, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების შესაძლო არსებობის შესახებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები