საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციაში ქუთაისში არსებულ იმ პრობლემებზე საუბრობენ, რაც ტურიზმს აფერხებს.
როგორც ასოციაციის თავმჯდომარე bm.ge-სთან აღნიშნავს, ქუთაისში ტურიზმის განვითარებას დარტყმას ლოგისტიკური პრობლემები აყენებს.
ლაშა ბერეკაშვილი აღნიშნავს, რომ რეგიონში მოწესრიგებული არ არის ტრანსპორტი და რკინიგზის სადგური. მისი თქმით, ქალაქის სადგურს აკლია პარკირების სივრცეც. პარკირების ადგილები არც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში არ არის.
მისივე თქმით, აეროპორტში რეისების გაზრდილი რაოდენობა ქუთაისის ტურიზმის სტიმულირებას ახერხებს, თუმცა ეს საკმარისი არ არის და იქამდე სანამ ლოგისტიკური პრობლემები არ მოგვარდება, ქალაქში სერიოზული ტურისტი და ბიზნესი არ შემოვა.
“ქუთაისში არ გვაქვს ერთი კონკრეტული სადგური, სადაც მანქანის პარკირება იქნება შესაძლებელი. არ არსებობს ტრანსპორტის ერთიანი ბაზა, სადაც ტრანსპორტის გადაადგილების განრიგი, დრო, ტარიფი იქნება მითითებული. ქუთაისში ჩამოსული სტუმარი უფრო მარტივად გადაადგილდება ბათუმისა და თბილისის მიმართულებით, ვიდრე ქუთაისში.
მეორე მთავარი პრობლემა აეროპორტთან ტრანსპორტის არარსებობაა. Რა გადაწყვეტა უნდა 30 კილომეტრიან გზაზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნას, ჩამოსული ტურისტები აეროპორტში ღია ცის ქვეშ რჩებიან.
აეროპორტის რეკონსტრუქცია გააკეთეს და რეკონსტრუქციის დროს არ გაითვალისწინეს პარკირება. აეროპორტი გაზარდეს და პარკინგი დატოვეს იგივე. ამან გამოიწვია ტრაფიკი, რაც კიდევ ერთი გამოწვევაა.
ქუთაისი არის ქალაქი, რომელსაც აეროპორტიც აქვს, რკინიგზაც, ყოფილი პარლამენტის შენობაც, სხვა ყველაფერიც, მაგრამ არაფერი ეკუთვნის, ვართ ერთი კოლხური შადრევნის იმედად, რომელიც ქალაქის ცენტრშია და ფოტოების გადასაღებად იზიდავს ტურისტებს. თუ ეს პრობლემები არ მოგვარდა ქუთაისში არც სერიოზული ბიზნესი და არც სერიოზული ტურისტი არ შემოვა,” - აღნიშნავს ლაშა ბერეკაშვილი.