ქუთაისიდან პირდაპირი ფრენა 30-ზე მეტი მიმართულებით სრულდება, საიდანაც 24 - ევროპულია, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
ქვრივიშვილმა აეროპორტში ასაფრენ - დასაფრენი ზოლის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა და თქვა, რომ მიმდინარე წელს ასევე დაგეგმილია არსებული აეროპორტის განვითარების გეგმის რევიზია, რათა სამგზავრო ტერმინალის გამტარუნარიანობა 5 მლნ მგზავრამდე გაიზარდოს.
სამინისტროს ინფორმაციით, აეროპორტის ახალი, 3.5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. უკვე დასრულდა ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები.
პარალელურად 35000 კვ.მ-ზე მიმდინარეობს თვითმფრინავების ბაქნის მშენებლობის სამუშაოები, რომლის სრული კვადრატულობა 55 000 კვმ-ს შეადგენს, ასევე მიმდინარეობს დაახლოებით, 17 კმ საერთო ფართზე ახალი საინჟინრო-საირიგაციო ნაგებობების მოწყობა.
პროექტს "ანაგი" ახორციელებს. მისი დასრულების შემდეგ აეროპორტს ექნება F კოდური აღნიშვნის პირველი აეროდრომი საქართველოში, რომელიც დიდი ზომის (F კატეგორიის) საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს. ახალი, 3.5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის პირველი ფაზის ნაწილია, რომელზედაც მუშაობა აეროპორტების გაერთიანების ჩართულობით IATA კონსალტინგმა დაასრულა.




























