ქუთაისის აეროპორტიდან საბერძნეთის მიმართულებით ფრენის სიხშირეები იზრდება და წლის ბოლომდე ათენსა და სალონიკში პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში 8 სიხშირით შესრულდება.
ამის შესახებ აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ საქართველოში საბერძნეთის სრულუფლებიან ელჩთან, მარია თეოდორუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"საბერძნეთი ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო მიმართულებაა. ქუთაისის აეროპორტიდან ჩვენ სისტემატურად ვზრდით სიხშირეებსა და მიმართულებებს. წლის ბოლომდე ჩვენი აეროპორტიდან ათენისა და სალონიკის მიმართულებით ჯამურად კვირაში 8 სიხშირე გვექნება, რაც ნიშნავს, რომ მოთხოვნა არსებობს და დაინტერესება ჩვენს ქვეყნებს შორის მოგზაურობის კუთხით დიდია, როგორც საქართველოს ისე, საბერძნეთის მოქალაქეების მხრიდან",- განაცხადა ქარქაშაძემ.
ამ ეტაპზე, პირდაპირი რეგულარული რეისები ქუთაისიდან ათენსა და სალონიკის მიმართულებით ხორციელდება. 2022 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან საბერძნეთის მიმართულებით და უკან ჯამურად 57 ათასმა მგზავრმა იმგზავრა.