პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქუთაისიდან ყოველ კვირაში სრულდება 127 ფრენა, რომელთაგან 86 ევროპის მიმართულებაა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებული კაფსულის ჩაგდების ცერემონიაზე განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ქუთაისის აეროპორტი მიმდინარე წლის 9 თვეში 1.2 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
"ტურიზმისა და საქმიანი ვიზიტების მზარდი დინამიკა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და მისი საერთაშორისო მნიშვნელობის ზრდაზე ყველაზე უკეთ მეტყველებს. სექტემბრის მონაცემებით, კიდევ ერთი ისტორიული რეკორდი დაფიქსირდა და ქუთაისის აეროპორტი 1.2 მილიონ მგზავრს მოემსახურა, - აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეგიონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამსაქმებელია და აეროპორტი მნიშვნელოვან სტიმულს აძლევს ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, დაეუფლონ ახალ პროფესიებს.
„ქუთაისიდან ყოველ კვირაში სრულდება 127 ფრენა, რომელთაგან 86 ევროპის მიმართულებაა - 36 ქალაქიდან, სადაც ფრენები ხორციელდება, 28 ევროპულია. გარდა ამისა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეგიონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამსაქმებელია; დღეს აქ დასაქმებულია ჩვენი 1000-ზე მეტი მოქალაქე; აეროპორტი მნიშვნელოვან სტიმულს აძლევს ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, დაეუფლონ ახალ პროფესიებს და გახდნენ მაღალკვალიფიციური პროფესიონალები.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დიდი წვლილი შეაქვს იმერეთის და მთლიანად საქართველოს ავიაციის, ტურიზმის, ზოგადად ეკონომიკის განვითარებაში; სწორედ ამიტომ, აეროპორტის ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ და მომავალშიც ასეთივე განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ.
პროექტის დასრულების შემდეგ ჩვენ გვექნება თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სრულად აღჭურვილი აეროპორტი, რომელიც კიდევ უფრო დიდ სტიმულს მისცემს ტურიზმისა და შესაბამისად, ეკონომიკის ზრდას ჩვენს ქვეყანაში, რაც საბოლოო ჯამში ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება,“- განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით 5 686 748 მგზავრს მოემსახურა, რაც 26%ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას და 37%-ით მეტია 2019 წლის იანვარ-სექტემბერში მიღებული მგზავრების რაოდენობაზე.
ამასთან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 1 284 997 მგზავრი, რაც წლიურად 6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, ქუთაისის აეროპორტის 104%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა.