ქუთაისის აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, – ამის შესახებ აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა განაცხადა.
აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა 2024 წლის ბოლოს დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. როგორც მოსეშვილი ამბობს, პროექტის დასრულების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი თანამედროვე სანავიგაციო საშუალებებით იქნება აღჭურვილი, რაც აეროპორტს უფრო დიდი, მათ შორის შორმაგისტრალური საჰაერო ხომალდების მიღების შესაძლებლობას მისცემს.
„წლის ბოლოდან გვექნება შესაძლებლობა, რომ მივიღოთ ყველაზე დიდგაბარიტიანი საჰაერო ხომალდები შეზღუდვის გარეშე. ასაფრენ-დასაფრენი ზოლი აღიჭურვება თანამედროვე სანავიგაციო საშუალებებით, რაც საშუალებას მოგვცემს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღოს უფრო დიდი და შორმაგისტრალური საჰაერო ხომალდები ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ეს თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას, ტვირთების მოზიდვასა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სატვირთო ავიაგადაზიდვების განვითარებას“, – განაცხადა მოსეშვილმა.
2026 წლის ბიუჯეტის თანახმად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ასაფრენი ბილიკის მშენებლობის ჯამური ღირებულება 179.5 მილიონ ლარს შეადგენს. ასაფრენ ზოლს "აეროპორტების გაერთიანების" დაკვეთით კომპანია "ანაგი" აშენებს.




























