სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორის - “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოცხადებული ტენდერი”, რომლითაც თვითმფრინავების ახალი სადგომის მოწყობა იგეგმება. პროექტის ჯამური ღირებულება 11.4 მილიონი ლარია.
ტენდერის პირობების თანახმად, რეაბილიტაცია უნდა განხორციელდეს ისე, რომ თვითმფრინავების მოძრაობა არ შეიზღუდოს.
“სამუშაოების წარმოებისას საპროექტო ტერიტორიაზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს სააეროდრომო სპეცტრანსპორტის მოძრაობა, რის გამოც სამუშაოები უნდა ჩატარდეს ეტაპობრივად, ჯერ ერთ ნახევარზე, მეორე ნახევარზე მოძრაობის შენარჩუნებით, შემდეგ კი პირიქით.
სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოების პერიოდში მოძრაობის ორგანიზაციისა და სამუშაოების წარმოების ადგილების შემოფარგვლა შესრულდეს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოების მაღალი ხარისხი”, - ნათქვამია სატენდერო პირობებში.
აეროპორტების გაერთიანების ტენდერის პირობების მიხედვით, პრეტენდენტმა უნდა წარადგინოს ბოლო 3 წელში მსგავსი ტიპის სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რომლის საკონტრაქტო ღირებულებაც არანაკლებ 60 მილიონი ლარია.
ტენდერში წინადადებების მიღება 4 ოქტომბერს იწყება და 10 ოქტომბერს სრულდება.