მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქუთაისს სჭირდება გენგეგმა, რომელიც გვიკარნახებს არქიტექტურულ და ეკონომიკურ გეზს"- რატომ არ იღებენ დოკუმენტს?

ქუთაისი

ქუთაისში უძრავი ქონების ბაზარი განვითარების აქტიურ ფაზაშია, რის გამოც მას მნიშვნელოვანი სტრატეგიული გამოწვევები ახლავს. არქიტექტორების თქმით, საცხოვრებელი მშენებლობები მნიშვნელოვნად უსწრებს ეკონომიკური და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების განვითარებას, რაც მომავალში ქალაქის მდგრად განვითარებას საფრთხეს უქმნის.

Ma Architect-ის დამფუძნებლის ვეფხვია მხეიძის განცხადებით, მთავარი პრობლემა გენერალური გეგმის არარსებობაა.

როგორც მან გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტთან“ საუბრისას განმარტა, ქალაქის განვითარების კონცეფცია უკვე მესამედ იცვლება, რის გამოც დღემდე არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს როგორც ურბანულ, ისე ეკონომიკურ განვითარების მიმართულებებს. მხეიძის შეფასებით კი სწორედ გენგეგმამ უნდა უზრუნველყოს ბიზნესზონების, ახალი სამუშაო ადგილებისა და საინვესტიციო გარემოს განვითარება.

„ქუთაისში ფაქტობრივად პიკს აღწევს ის განვითარების ეტაპი რაც დღევანდელ დეველოპერულ ბაზარზე შეინიშნება, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანია ისეთი აქცენტების გაკეთება, რაც საბოლოო ჯამში არ მიგვიყვანს იმ კოლაფსამდე, რაც საქართველოში რამდენიმე ქალაქმა უკვე განიცადა. უმნიშვნელოვანესია სტრატეგიული ქალაქგეგმარებითი გადაწყვეტილებების სწორ დროს მიღება.

ქალაქს გენერალური გეგმა არ გააჩნია. დღესდღეობითაც მიმდინარეობს კონცეფციის მესამე ცვლილება. 2019 წლიდან ვერ მივაღწიეთ იმას, რომ ქალაქს გააჩნდეს დოკუმენტი, რომლითაც იხელმძღვანელებს და ეს გვიკარნახებს არა მხოლოდ არქიტექტურულ, არამედ ეკონომიკურ გეზსაც. რამდენჯერაც შეიცვალა პირი რომელსაც უშუალო შეხება ჰქონდა გენერალური გეგმის დამუშავებასთან, იმდენჯერ შეიცვალა ქალაქის ხედვა.

გენერალური გეგმის არ ქონამ ჩვენს ქალაქშიც გამოიწვია ის, რომ დაახლოებით წელიწად-ნახევარია ფაქტობრივად შეჩერებულია მსხვილი პროექტები რომელიც მნიშვნელოვნად აკავებს ინვესტიციების შემოდინებას ქალაქში.

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დღესდღეობით დასაქმებისთვის ადგილები ჩნდება ისეთ ტიპის ობიექტებზე როგორიც არის ბინათმშენებლობები, თუმცა გარდა ამისა, რაიმე ტიპის დასასაქმებელი ადგილები რომელიც ადამიანს გააჩერებს ქუთაისში, არ გვაქვს. ვფიქრობ გენერალური გეგმა სწორედ ამაზე გაგვცემს პასუხს, გვეტყვის რა არის ქალაქისთვის სტრატეგიული განვითარება.

დღეის მდგომარეობით ფაქტობრივად 70% ქუთაისისა საცხოვრებელ ზონად კვალიფიცირდება რაც არცთუ ისე გონივრულია ქვეყნის ეკონომიკური და სტრატეგიული განვითარებისთვის. თუკი რაიმე ზონა არ შეიქმნა სადაც თუნდაც მსხვილ ან საშუალო ბიზნესს ვუკარნახებთ რა პერსპექტივებია, სხვანაირად ქალაქის განვითარება გართულდება.“ - განაცხადა მხეიძემ.

ინფორმაციისთვის, დღეს ქუთაისის ბაზარზე უკვე ათეულობით კომპანია ოპერირებს. ამჟამად ქალაქში 40-ზე მეტი საცხოვრებელი პროექტი მიმდინარეობს, რამდენიმე ათეული პროექტი კი მოსამზადებელ ეტაპზეა.

ქუთაისის დეველოპერულ ბაზარზე მოთხოვნას ძირითადად ემიგრანტები ქმნიან. მყიდველებს შორის ასევე არიან დასავლეთ საქართველოს რეგიონების მცხოვრებლები.

რაც შეეხება ფასებს, ბოლო წლებში ქუთაისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები საშუალოდ 25%-ით გაიზარდა. თუ დაახლოებით 2-3 წლის წინ ეკონომკლასის პროექტებში ერთი კვ.მ-ის ღირებულება საშუალოდ 600$-ს შეადგენდა, დღეს მისი ფასი 900–1000$-ის ფარგლებში მერყეობს. პრემიუმ კლასის პროექტებში კი საშუალო ღირებულება უკვე 1300-1500$-ს აღწევს.

ფასების ზრდას როგორც გაზრდილი მოთხოვნა, ისე სამშენებლო მასალების გაძვირება და მუშახელის ანაზღაურების ზრდა განაპირობებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები