ორ თვეში ქუთაისში პრემიუმ კლასის სასტუმრო West Inn Georgia ამოქმედდება, - ამის შესახებ BM.GE-ის ჰოტელიერმა მაია მურაჩაშვილმა განუცხადა.
მისივე ცნობით, აქამდე ქუთაისში არ არსებობდა სასტუმრო, სადაც ყველა სახის სერვისი ერთ სივრცეში იქნებოდა გაერთიანებული და მაღალი სეგმენტის წარმომადგენლებს სრულფასოვნად მოემსახურებოდა.
„სასტუმრო West Inn Georgia ნიკეას ქუჩაზე გაიხსნება. ამ ეტაპზე მშენებლობა უკვე დასრულებულია და შიდა სამუშაოები მიმდინარეობს. 48 ნომრიანი სასტუმრო სხვადასხვა სახის სივრცეებსაც გააერთიანებს - აქ იქნება ორი აუზი და ორი განსხვავებული თემატიკის საკვები ობიექტი, ამ სერვისებით სარგებლობა კი ჩვენი სტუმრების გარდა ადგილობრივ მოსახლეობასაც შეეძლება.
აღსანიშნავია ისიც, რომ აქამდე ქუთაისში არსებული ყველაზე დიდი საკონფერენციო დარბაზი იტევდა 100 ადამიანს, ჩვენი საკონფერენციო დარბაზი კი 200 ადამიანზე იქნება გათვლილი, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ მაღალ გადამხდელ უნარიანი და ბიზნეს ტურისტები მოვიზიდოთ“, - განაცხადა მაია მურაჩაშვილმა.
ჰოტელიერი გვიყვება, რომ West Inn Georgia-ს დამფუძნებლები ტურისტულ სექტორში დიდი გამოცდილების დაგროვების შემდეგ მიხვდნენ, რომ ქუთაისს, რომელიც სააეროპორტო ქალაქია და ამ ადგილით ტურისტებიც სულ უფრო მეტად ინტერესდებიან, პრემიუმ ხარისხის სერვისი სჭირდებოდა, სწორედ ამიტომ, აღნიშნული სასტუმროს შექმნა გადაწყვიტეს.
„ჩვენი სერვისი ყველა ეროვნების ტურისტზე იქნება გათვლილი, დამსვენებლების გარდა საკონფერენციო სივრცით საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები ისარგებლებენ და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ განთავსების საფასური ცნობილი არაა, West Inn Georgia საშუალოზე მაღალ ფენას მოემსახურება“, - ამბობს მაია მურაჩაშვილი.
სასტუმროს შექმნის პროცესში მთავარი გამოწვევა კადრების დეფიციტი აღმოჩნდა, ჰოტელიერი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ადგილობრივი კადრების გადამზადება უწევთ და გახსნის შემდეგ 55 ადამიანს დაასაქმებენ.
აღსანიშნავია, რომ West Inn Georgia სრულად ქართული ინვესტიციით იქმნება და ამ დრომდე მის შექმნაში ₾10 მილიონზე მეტის ინვესტირებაა განხორციელებული.