"ქართული ოცნების" ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ქუთაისში ის ტერიტორია მოინახულა, სადაც ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა იგეგმება. პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი არქიტექტურულ კომპანიასთან Gensler-თან პარტნიორობით ამზადებს.
"როგორც ცნობილია, ქუთაისში მთავრობის გადაწყვეტილებით შენდება საერთაშორისო სტანდარტების მრავალფუნქციური სპორტის სასახლე. არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებულმა ქართულმა კომპანიამ „დემარკმა“ პროექტში პარტნიორის სტატუსით ჩართო მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სპორტული ინფრასტრუქტურის საპროექტო ორგანიზაცია Gensler, რომლის წარმომადგენლებიც დღეს ადგილზე იმყოფებოდნენ არსებული მდგომარეობის გასაცნობად.
ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ასეთი მაღალი დონის სპეციალისტები იქნებიან ჩართული საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში, მით უმეტეს, რომ ამ მიმართულებით ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს", - განაცხადა სოხაძემ.
მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირება ქართულ კომპანია „დემარკსა“ და ამერიკულ კომპანია Gensler-სა შორის თანამშრომლობით მიმდინარეობს. 1965 წელს დაფუძნებული Gensler საქართველოში პირველ პროექტს სწორედ ამ პარტნიორობის ფარგლებში ახორციელებს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიასთან თანამშრომლობით ქუთაისში მზადდება 5 000 მაყურებელზე გათვლილი ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტი.
შენობაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა სპორტული დარბაზები, სატრენაჟორო სივრცე, აუზი, მსაჯებისა და დოპინგ-კონტროლის ოთახები. ამასთან, სპორტის სასახლეში დაგეგმილია საკონფერენციო დარბაზის, პრესის სამუშაო სივრცის და საერთაშორისო დელეგაციების მისაღები ოთახების მოწყობა.
სამინისტროს ცნობითვე, პროექტი ითვალისწინებს სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსადგომების, რეკრეაციული ზონების, შიდა გზებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობას.




























