კომპანია Travel To Georgia-ს დირექტორი და სასტუმრო boutique apartment signature-ს პროექტის მართვის მენეჯერი, ლაშა ბერეკაშვილი BM.GE-სთან ტურისტულ სეზონსა და გამოწვევებზე საუბრობს.
ბერეკაშვილის თქმით, იანვარი არის ის პერიოდი, როდესაც ტურისტები საგაზაფხულო, ან საზაფხულო დასვენებას გეგმავენ, მაგრამ ამ დრომდე ჯავშნები არც მათ სასტუმროშია და საქართველოს სხვა რეგიონებშიც ტურისტების ნაკადების მცირე რაოდენობა შეინიშნება.
„ქუთაისში არაფერი ხდება და ხელსაც არავინ უწყობს, რომ რაიმე აქტივობა განხორციელდეს. თუმცა არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბითაა ტურისტების ნაკლებობა.
თუ კურორტებზე ტურისტები იქნებიან, ბუნებრივია ქუთაისშიც მოიმატებს სტუმრების რაოდენობა,“-აცხადებს ბერეკაშვილი.
მისივე ცნობით, სასტუმრო boutique apartment signature-ში, რომელიც ქუთაისში მდებარეობს, დატვირთულობა ნაცვლად მინიმუმ 50%-ისა, მხოლოდ 20-30%-მდეა. ასეთი დაბალი მაჩვენებელი კი, სასტუმროს მხოლოდ საწყის პერიოდებში ჰქონდა.
"სასტუმრო ქალაქის ცენტრში მდებარეობს, რაც ნიშნავს იმას, რომ როდესაც ის ივსება, სტუმრები ქუთაისის სხვადასხვა ნაწილში გადანაწილდებიან ხოლმე. იქიდან გამომდინარე, რომ დატვირთულები არ ვართ, სავარაუდოა, რომ დანარჩენი სასტუმროები ცარიელია,"- განმარტავს სასტუმროს მენეჯერი.
ბერეკაშვილი აღნიშნავს, რომ ქვეყანას მარკეტინგული აქტივობები აკლია. საქართველო ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ახალ წელს იანვრის შუა რიცხვებამდე აღნიშნავენ, რისი სწორად გამოყენებაც არ ხდება.
მისი თქმით, ქვეყანაში იანვარში არანაირი აქტივობა არ ხორციელდება და ბუნებრივია, რომ ტურიზმი ასე ვერ განვითარდება.