მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქუთაისში ბუტიკური სასტუმრო 7 Doors იხსნება - რას შესთავაზებს მომხმარებლებს?

7 doors

ქუთაისის ისტორიულ უბანში ახალი ბუტიკური ტიპის სასტუმრო – 7 Doors იწყებს ფუნქციონირებას.

როგორც სასტუმროს დამფუძნებელმა, ქრისტინე მესხაძემ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, სასტუმრო ოფიციალურად სტუმრებს მიმდინარე კვირიდან უმასპინძლებს.

მისივე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე 7 Doors შვიდ ინდივიდუალურ აპარტამენტს გახსნის. სივრცე გათვლილია როგორც ინდივიდუალურ ვიზიტორებზე, ისე ჯგუფურ ტურებზე. მესხაძის თქმით, სასტუმროს მიზანია ქუთაისის აუთენტიკურ გარემოსთან ერთად სტუმრებს თანამედროვე კომფორტიც შესთავაზოს.

„სასტუმრო ახალ წელს უნდა გაგვეხსნა, თუმცა ქვეყანაში არსებული დაძაბულობისა და ტურისტული ნაკადების შემცირების ფონზე, გახსნა 8 თვით გადაიდო. მიუხედავად ფორსმაჟორული მდგომარეობისა, პირველ სტუმრებს უკვე ამ კვირაში ვუმასპინძლებთ. ადგილობრივები იქნებიან“, – აღნიშნა მესხაძემ.

ტურისტული ობიექტის დამფუძნებლის განმარტებით, აპარტამენტების კონცეფცია სრულად ერგება ბუტიკური სასტუმროს მოთხოვნებს: ყველა ნომერი უნიკალურია როგორც ინტერიერის, ისე ფუნქციური გადაწყვეტის თვალსაზრისით. თითოეულ ოთახს აქვს ინდივიდუალური სველი წერტილი, სამზარეულო, დიდი აივანი და ჯაკუზი. სასტუმრო ქუთაისის ცენტრში, ცენტრალური მოედნიდან სულ რაღაც ორი წუთის მანძილზე მდებარეობს.

მესხაძის თქმით, გახსნის საწყის ეტაპზე, სრული სერვისების შეთავაზება ჯერ ვერ ხერხდება, თუმცა დამფუძნებელი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში სასტუმრო სრულად ამოქმედდება. განთავსების ღირებულება კი დაახლოებით 200 ლარიდან დაიწყება.

რაც შეეხება დახარჯულ თანხებს, 7 Doors-ის პროექტის საინვესტიციო ღირებულება 215 ათას ევროს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები