ქუთაისში მდებარე სასტუმრო „სოლომონის“ მენეჯერი, მერაბ გოგონაძე BM.GE-სთან ტურისტულ სეზონს აფასებს.
როგორც მენეჯერი აღნიშნავს, სასტუმროში დამსვენებლების 99% მხოლოდ ერთი ღამით რჩება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ქალაქში არანაირი აქტივობა არ ხდება, რომელიც ტურისტების უფრო მეტი ხნით დარჩენა უზრუნველყოფს.
მისივე ცნობით, ქუთაისს გარდა ერთი ღამით დარჩენისა, სხვა დანიშნულება არ აქვს.
„ტურისტული სეზონის პერიოდში, რომელიც მაისიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება, 80-90% უცხოელი სტუმრები გვყავს. კერძოდ, არაბული ქვეყნებიდან. ხოლო, ოქტომბრიდან ამ დრომდე სეზონი არ არის და ადგილობრივ სტუმრებზე ვართ მორგებული.
გამოწვევა ქალაქში ბევრია, ეგ კი არა, ავტობუსიც, რომელიც სტუმარს აეროპორტიდან ქალაქამდე მოემსახურება, 13 წლის შემდეგ, ახლაღა დაინიშნა. ამასთან, თბილისის ერთ რაიონს უფრო მეტი დაფინანსება აქვს, ვიდრე ქუთაისს. შესაბამისად, ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსად მამაზეციერიც რომ დაინიშნოს, ისიც ვერ შეძლებს რაიმეს გაკეთებას,“-აცხადებს გოგონაძე.