მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქუთაისში ქარხნის მშენებლობის დაწყებიდან 8 თვეში, პირველი ელექტრომობილი უნდა გამოვიდეს"

5e30674d1508d
ნუცა ბაზლიძე
29.01.20 00:00
2745
ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობის დაწყებიდან 8 თვეში პირველი ელექტრომობილი უნდა გამოვიდეს, - ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ქარხნის მშენებლობა გასული წლის ნოემბერში დაიწყო.

„მშენებელს აღებული აქვს ის ვალდებულება, რომ მშენებლობის დაწყებიდან 8 თვის თავზე, პირველი ელექტრომობილი უნდა გამოვიდეს. თუმცა, 8 თვის თავზე არ სრულდება მთლიანად ქარხნის მშენებლობა, სრულდება ნაწილი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ქუთაისში ელექტრომობილი იმპორტირებული ნაწილებით ავაწყოთ. იგი გაგრძელდება უახლოესი 3 წლის განმავლობაში, იგეგმება ქარხნის გაფართოება. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ ისეთი დეტალები, როგორებიცაა აკუმულატორები, თუნუქი და სხვა, მთლიანად იწარმოოს საქართველოში. დღესდღეისობით, (მუშაობა) მიდის გეგმის შესაბამისად“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ამასთან, ის ქუთაისის თავისუფალი ეკონომიკური ზონის საკითხსაც შეეხო და თემაზე საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.

„მაგალითს მოვიყვან, რომ შარშან ჩვენ გავხსენით მზის პანელების ქარხანა თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში, გაიხსნა ასევე სხვა საწარმოები, რომლებიც წყლის გამათბობლებს აკეთებდნენ საქართველოში. მე კომუნიკაცია მაქვს თავისუფალი ეკონომიკური ზონის ხელმძღვანელობასთან, რომლებიც გეგმავენ გაფართოებას. უახლოესი წლების განმავლობაში ძალიან დიდი გეგმები აქვთ. შეიძლება ითქვას, რომ ქუთაისი არის სატრანსპორტო ჰაბი, საიდანაც ძალიან ბევრი მიმართულებით - როგორც საჰაერო, ისე სარკინიგზო, საგზაო მიმართულებები შეიძლება რომ განავითარო. ჩვენ ვვითარდებით, ვითარდება ეს მიმართულება; საუბარი არის ტერიტორიების გაფართოებაზე“, - აღნიშნა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები