მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგიონები, წყალმომარაგება, მთის ფონდი... - დეპუტატები პროგრამების დაფინანსების ზრდის საჭიროებას ხედავენ

232

დეპუტატების ნაწილი გარკვეული პროგრამების 2027 წლის ბიუჯეტის გაზრდის საჭიროებას ხედავს, ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე კი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში გარკვეული კორექტირებები მოხდეს, თუმცა მისივე თქმით, ქვეყნის წინაშე არსებული პრიორიტეტების გათვალისწინებით.

"ბევრი სხვადასხვა თემაა სხვადასხვა კომიტეტზე დასმული და ვერც ერთზე ვიტყვით, რომ ეს მნიშვნელოვანია და რომელიღაც არ არის მნიშვნელოვანი, ხომ?!", - თქვა მინისტრის მოადგილემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, სადაც დეპუტატებმა რიგი პროგრამების მეტი დაფინანსების საჭიროებაზე ისაუბრეს.

კერძოდ, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ზვიად შალამბერიძე მიიჩნევს, რომ რეგიონული განვითარების ფონდისთვის მომავალ წელს არა 400 მლნ ლარი, არამედ 600 მლნ ლარი უნდა გამოიყოს. ასევე, უნდა გაორმაგდეს სოფლის პროექტების დაფინანსება და 80 მლნ ლარი იყო. ის ამ ცვლილების საჭიროებას პროექტების გაძვირებით ხსნის.

"ახსენეთ, რომ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ბიუჯეტი მთლიანად წარმოადგენს 760 მილიონ ლარს, როგორც იყო წელს, იგივე თანხაა. სხვადასხვა ფონდი შედის ამ თანხაში და საბოლოოდ, 400 მილიონი ლარი არის ზუსტად რეგიონული განვითარების ფონდი, რაზეც მინდა ახლა ყურადღება გავამახვილო. იმ ფონზე, როდესაც დღევანდელ დღეს ზოგადად პროექტების ღირებულება და მშენებლობა საგრძნობლად გაძვირდა და გადაფასებული პროექტები საკმაოდ გვიძვირდება, 400 მილიონი შეიძლება კარგად ჟღერს, მაგრამ ფაქტი გვაქვს ასეთი: იმ რაოდენობის პროექტებს, რასაც შარშან და შარშანწინ ვაკეთებდით, დავუშვათ 400 მილიონი ლარით მომავალ წელს იმ რაოდენობის პროექტებს ვეღარ განვახორციელებთ. ვფიქრობ, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ დაფინანსება გაიზარდოს. რა თქმა უნდა, ჩემი წინადადება იქნება ამ შემთხვევაში იმ ბიუჯეტის პროექტის გათვალისწინებით, რაც გვაქვს წარმოდგენილი, 50%-ით ანუ მხოლოდ რეგფონდის გაზრდაზე რომ ვიფიქროთ, 400 მილიონიდან 600 მილიონ ლარამდე, იმ გაძვირების გათვალისწინებით, როგორც გაძვირდა დღევანდელ დღეს პროექტები.

ასევე აუცილებლად უნდა ვიფიქროთ სოფლის პროექტების თანხის გაორმაგებაზე, რომელიც იყო 40 მილიონი წელს, და ვფიქრობ, რომ ზუსტად იგივე მიზეზით, რა მიზეზიც ვახსენე რეგფონდის შემთხვევაში, რომ გაძვირდა ზოგადად პროექტები და ზოგადად სოფლის პროექტები ყოველთვის პროცენტულად უფრო ძვირი გვიჯდება, ვიდრე შეიძლება რომელიმე სხვა ისეთი დიდი პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტში ხორციელდება, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ესეც უნდა გაორმაგდეს და უნდა გახდეს 80 მილიონი ლარი, რომ სწორად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რაც ამ შემთხვევაში ჩვენს მუნიციპალიტეტის სოფლებში გვაქვს",- აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

თავის მხრივ, „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი შალვა კერესელიძე მიიჩნევს, რომ უნდა გაიზარდოს დაფინანსება წყალმომარაგების და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის მიმართულებით.

"მინდა დავიწყო წყალმომარაგებით, 2027 წლის ბიუჯეტში 300 მილიონ ლარზე მეტი არის გამოყოფილი და თუ ჩავხედავთ 2027-2030 წლების პროგრამულ ბიუჯეტს, 2028-2029 წლებში ეს მაჩვენებელი იმატებს, ხოლო 2030 წლისთვის ეს უკვე მცირდება 100 მილიონი ლარით. ეს ხდება მაშინ, როდესაც ყოველწლიურად ქვეყნის ბიუჯეტი მატულობს და წყალმომარაგება ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და პრობლემატური მიმართულებაა, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში სოფლების, რაიონების და არც ქალაქებია გამონაკლისი, მესამედზე მეტს ან ხარისხიანი წყალი არ აქვს, ან საერთოდ წყალი არ აქვს. ამიტომ, მთლიანი ბიუჯეტი რადგან იზრდება, მე მგონია, შესაბამისად წყალმომარაგებაზე დაფინანსება უნდა იზრდებოდეს.

მეორე საკითხი, რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, ეს პრობლემა უკვე მეორე პარლამენტის წევრი ვარ და არანაირი გაუმჯობესება არ არის. ეს ეხება ასევე ინფრასტრუქტურას და კერძოდ მაღალმთიან დასახლებებს და ეხება მთის ფონდს. მილიარდ-ნახევარი ლარით ზრდით 2027 წლის ბიუჯეტს. ყველა მიმართულებით რომ გადავხედოთ, ხომ, ყველა უწყებას უზრდით თანხებს, ერთადერთი დარჩენილი, რაც არის, ეს არის მთის ფონდი. 20 მილიონი ლარი იყო 2025-2026 წლებში და ტოვებთ 2027-შიც

უბრალოდ კითხვა მაქვს მე: რატომ გაქვთ ასეთი დამოკიდებულება ამ ფონდის მიმართ და ზოგადად მაღალმთიანი დასახლებების მიმართ? ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ერთი სული გაქვთ, რომ გააუქმოთ საერთოდ ეს ფონდი, ისევე როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, მაგალითად, გააუქმა მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამა, სადაც 3 მილიონი ჰქონდა გამოყოფილი და 50%-იან თანადაფინანსებას გულისხმობდა. ეს გააუქმა, იმიტომ, რომ არ მიდიოდა ხალხი. და რატომ არ მიდიოდა, იცით? ის 50% არ ჰქონდა, რომ დაედო! იმის მაგივრად, რომ თანადაფინანსება გაეზარდა სახელმწიფოს და 50%-ის მაგივრად 80% გაეხადა, ზოგიერთ განსაკუთრებულ მაღალმთიანეთში გაეხადა 100%-იც, მერე ნახავდით, თუ არ მივიდოდნენ ადამიანები.

გარდა ამისა, აგვისტოში ფონდი რომ განაწილდა, ონის მუნიციპალიტეტს, რომელიც ერთ-ერთი გაჭირვებული რაიონია და მთლიანად მაღალმთიანია, 0 ლარი მისცეს. ცაგერს, ლეჩხუმს, ყაზბეგს არაფერი მისცეს. ამ დროს, გარდაბანს, რომელსაც ორი სოფელი აქვს, ნახევარი მილიონი ლარი მისცეს", - ამბობს დეპუტატი.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ შემაჯამებელი კომიტეტის შემდეგ დეტალურად განიხილება პარლამენტის მიერ წარდგენილი წინადადებები.

"კითხვა ეხებოდა რამდენიმე პროგრამას - რეგიონების ფონდი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა და მთის პროგრამა. რესურსი, რაც იყო ამ ეტაპზე, არის განაწილებული იმდაგვარად, რომ ეს თანხებია გათვალისწინებული, ძირითადად, წლევანდელი მოცულობით. მაგრამ თავიდანვე აღვნიშნე და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო: ჩვენ გვაქვს ორთვიანი პერიოდი იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ჩამოვაყალიბოთ იმ პრიორიტეტების მიხედვით, რომელიც გვაქვს. ძალიან ბევრი სხვადასხვა თემაა სხვადასხვა კომიტეტზე დასმული და ვერც ერთზე ვერ ვიტყვით, რომ ეს მნიშვნელოვანია და რომელიღაცა არ არის მნიშვნელოვანი, ხომ?! ამიტომ ჩვენ ხვალ, შემაჯამებელი კომიტეტის შემდგომ გვექნება ის წინადადებები, რომელიც პარლამენტის მიერ იქნება გამოგზავნილი. დეტალურად განვიხილავთ და მზადყოფნას გამოვთქვამთ იმ ნაწილში, რომ თქვენთან ერთად ვიმუშაოთ და ჩამოვაყალიბოთ იმ პრიორიტეტების მიხედვით, რომლებიც დღეს ქვეყნის წინაშე დგას - გადავანაწილოთ ის არსებული რესურსი, ან თუნდაც არსებული ბიუჯეტის ფარგლებში გარკვეული კორექტირებები გავაკეთოთ. ამიტომ, მესმის, რომ მეტი პროექტის განხორციელება გვინდა, სრულიად მხარს ვუჭერთ იმ მიმართულებას, რომ რაც მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, ჯობია. თუმცა, მეორეს მხრივ, უნდა შევხედოთ იმ მიმართულებებსაც, რომელიც ასევე საჭიროებს დამატებით დაფინანსებას და, ამიტომ, ერთობლივად, მთლიანი რესურსის ჯამური განაწილებიდან უნდა მოხდეს. ეს ეხება როგორც სოფლის მხარდაჭერის პროგრამას, ეს ეხება ასევე მთის ფონდს.

რაც შეეხება მთის ფონდზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცალკე რამე პროგრამა არ გაუუქმებია, მთის ფონდიდან ხდებოდა გამოყოფა დაახლოებით 5 მილიონი ლარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან. მომდევნო წელსაც, არ ვიცი, კომისია როგორც მიიღებს გადაწყვეტილებას, ისე გამოეყოფა ეს თანხა. რაც შეეხება იმას, რომ [პროექტები] 80 და 100%-ით დავაფინანსოთ, არის აბსურდი, იმიტომ რომ თუ მონაწილეობას ბენეფიციარი არ იღებს პროექტის განხორციელებაში, მაშინ ყველას მოუნდება და მოდით ყველას, ვინც მთაში ცხოვრობს, რაღაც პროექტი დავუფინანსოთ და არც ერთი არ გაამართლებს და პასუხისმგებლობას ვინ აიღებს იმაზე, რომ ეს იქნება გადაყრილი ფული და არაფერი შედეგი არ დადგება ამაზე, ანუ 80 და 100%-იანი თანადაფინანსება არ ხდება, მაშინ სახელმწიფომ უნდა შექმნას გარკვეული საწარმოები და დაურიგოს ხალხს. თუ ეს არის თქვენი ინიციატივა, ამას ვერ დავუჭერთ მხარს", - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები