ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩაზე, „Sami Street Bistro“ ოფიციალურად გაიხსნა.
ობიექტი სამი მეგობრის – ანი არსენიძის, თამარ აბზიანიძისა და ნინი მაღლაკელიძის ერთობლივი პროექტია, რომელიც მომხმარებელს მაღალი ხარისხის "სთრით ფუდს" სთავაზობს.
როგორც ანი არსენიძემ BM.GE-ს განუცხადა, გადაწყვეტილება საკუთარი ბიზნესის წამოწყების შესახებ დიდ ბრენდებთან მუშაობის შემდეგ მიიღეს. მათი კვლევით, ქუთაისის ბაზარზე არ არსებობდა მაღალი ხარისხის „სთრით ფუდის“ სივრცე, სადაც მომხმარებლებს სხვადასხვა ქვეყნის კერძების დაგემოვნების შესაძლებლობა ექნებოდათ.
„გვაქვს როგორც თურქული, ასევე ბერძნული და ამერიკული "სთრით ფუდები". ამერიკულ მენიუში განსაკუთრებით გამოვყოფთ ქორნ დოგს, რომელიც, ჩემი ინფორმაციით, ქუთაისში ჯერ არ არის წარმოდგენილი. პირველ ეტაპზე, სტუმრებს მხოლოდ ადგილზე მიღებას შევთავაზებთ, მოგვიანებით კი ვგეგმავთ სხვადასხვა გამოძახების პლატფორმებთან ინტეგრაციას“, – აღნიშნა არსენიძემ.
მისი თქმით, პირველ ეტაპზე მხოლოდ ადგილზე მომსახურება განპირობებულია სურვილით, რომ დამფუძნებლებმა ხარისხი მაქსიმალურად გააკონტროლონ და ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროდუქტით გავიდნენ.
„აქტიურად ვართ ჩართულები ყველა პროცესში - დაწყებული პროდუქციის შეძენით, დამთავრებული სამზარეულოში მუშაობით. ჩვენი მიზანია მომხმარებელს მუდმივად შევთავაზოთ მაღალი ხარისხის პროდუქტი და მომსახურება“, – დასძინა თანადამფუძნებელმა.
„Sami Street Bistro“-ს შიდა სივრცე 25 სტუმარზეა გათვლილი, ტერასა კი დამატებით 20-25 ადამიანს დაიტევს. ბისტრო საწყის ეტაპზე 8 თანამშრომელს ასაქმებს. პროექტის საერთო ინვესტიცია 120 000 ლარს აღემატება.




























