მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისში საპრივატიზაციოდ გამოტანილ ₾10-მილიონიან ობიექტზე ახალი უბანი შეიძლება მოეწყოს

62b17f5ede222
თელარა გელანტია
21.06.22 15:30
1293
ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში საპრივატიზაციოდ ყოფილი საკონსერვო ქარხანა გამოიტანა, რომელიც 72,836 კვადრატული მეტრის უძრავ ქონებას აერთიანებს. ობიექტის საწყისი ფასი 10,055,000 ლარია და მის ადგილზე მრავალფუნქციური კომპლექსი უნდა მოეწყოს. 

ქონების ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა, ბიზნესგეგმა და განვითარების არქიტექტურული რენდერი USAID-ის მხარდაჭერით, უძრავი ქონების განვითარების საერთაშორისო კომპანია Cushman & Wakefield-მა მოამზადა.

ბიზნესგეგმის მიხედვით, ადგილზე ახალი უბნის აშენება შეიძლება, რომელიც საცხოვრებელ კორპუსებს, კომერციულ ფართებს, სასტუმროს და სხვა გასართობ ობიექტებს გააერთიანებს.

კომპანია Cushman & Wakefield-ის საკონსულტაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეკლა იაშაღაშვილი: „ჩვენ ჩავატარეთ იმერეთის საინვესტიციო პოტენციალის კვლევა, რომლის ფარგლებში გავესაუბრეთ ადგილობრივ მთავრობას, მოსახლეობას და ბიზნესს, რათა ინფორმაცია მიგვეღო ისეთი ფაქტორების შესახებ, რაც მეორადი კვლევის დროს შეიძლება არ გაგვეგო. პროცესი იყო საკმაოდ ხანგრძლივი. მოვახდინეთ საბაზრო დეფიციტების იდენტიფიცრება. ამასთან, შევისწავლეთ იმერეთში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გავეცით რეკომენდაცია, რომ ქუთაისში განვითარდეს პირველი მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელიც მოიცავს საცხოვრებელ და კომერციულ ფართებს, 100-ნომრიან სასტუმროს ღია აუზით და ა.შ. ჩვენი გათვლებით, პროექტი არის მომგებიანი. ის შექმნის 400-ზე მეტ სამუშაო ადგილს. ასევე, გაზრდის ტურისტების რიცხვს 5-6%-ით; ძალიან მნიშვნელოვანია ქუთაისისთვის, რომ გავზარდოთ ტურისტების გაჩერების დრო, რადგან დღეს ქუთაისს ტურისტები მაინც ტრანზიტულ ქალაქად განიხილავენ“.

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის კერძო სექტორის განვითარების კომპონენტის ხელმძღვანელი გიორგი ახალაია: „პირველ რიგში, ეს ქონება კარგად უნდა შეიფუთოს ინვესტორებისთვის. ასევე, ჩვენი - USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის კონტაქტებით ამ ქონების შესახებ საერთაშორისო თუ ადგილობრივ ინვესტორებში ვავრცელებთ ინფორმაციას და იმედი გვაქვს, რომ დაინტერესება იქნება, რადგან მომგებიანი პროექტია. Cushman & Wakefield-ის მიერ მომზადებული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა მოიცავს ყველა იმ საჭირო რიცხვს თუ მონაცემს, რაც აინტერესებს ინვესტორს. ჩვენ ვართ ერთგვარი ხიდი კერძო და საჯარო სექტორს შორის“.












ამ უძრავ ქონებასთან ერთად სახელმწიფო ქუთაისში კიდევ 23 ობიექტს ყიდის, რომელთა საერთო ღირებულებაც 44 მილიონ ლარამდეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები