მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისში Wizz Air-ის ბაზა, სავარაუდოდ, მარტ-აპრილში დაბრუნდება - კომპანიის გენდირექტორი

5fe0592879109
ვიქტორია მღებრიშვილი
21.12.20 12:25
4556
ავიაკომპანია Wizz Air-ის გენერალური დირექტორის ჯოზეფ ვარადის განცხადებით, Wizz Air-ი ქუთაისის აეროპორტში ბაზას სავარაუდოდ, 2021 წლის გაზაფხულისთვის დააბრუნებს. ამის შესახებ მან „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.

ჯოზეფ ვარადი ირწმუნება, რომ დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია საქართველოს ერთგული რჩება და ბაზის ხელახალი გახსნის შესაძლო თარიღად მარტ-აპრილს ასახელებს.

„ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ ჩვენ ვრჩებით საქართველოს ერთგული და დავბრუნდებით მაშინვე, როგორც კი ბაზარი გაიხსნება. ვიმედოვნებ, ეს მომავალი წლის მარტი-აპრილში მოხდება. ცხადია, დავაკვირდებით თუ როგორ განვითარდება პანდემიასთან დაკავშირებული მოვლენები და როგორი მდგომარეობა იქნება სხვადასხვა ქვეყნებში, როგორც ეკონომიკური, ასევე, პოლიტიკური თვალსაზრისით. როგორც კი ბაზარი გაიხსნება და გონივრულობის ფარგლებში ხელმისაწვდომი იქნება, Wizz Air-ი დაბრუნდება და ქუთაისის აეროპორტში ბაზას გახსნის“, - განაცხადა Wizz Air-ის გენერალურმა დირექტორმა.

ასევე, "საქმიანი დილის" ავიაციის რუბრიკის წამყვან გიორგი მოლოდინაშვილთან ინტერვიუში ჯოზეფ ვარადმა ქუთაისში ბაზის დახურვის მიზეზებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

„სწორ ფაქტებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. საქართველოდან ჩვენი ნებით ან სურვილით არ გავსულვართ, არამედ ჩვენმა ავიაკომპანიამ ბაზარი „ლოქდაუნის“ გამო და იმ შეზღუვების გამო დატოვა, რომელიც არამარტო საქართველოს მთავრობამ, არამედ სხვა მთავრობებმაც შემოიღეს. ყველაფერმა ამან ავიაკომპანიისთვის საქართველოს, როგორც სასურველი ბაზრის ჩაკეტვა გამოიწვია. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა ჩვენს თანამშომელს, რომელიც საქართველოში გვყავდა შევუნარჩუნეთ შრომითი ხელშეკრულებები და როგორც ადამიანური რესურსი. ასევე, თვითმფრინავები სხვა ლოკაციებზე გადავანაწილეთ“, -  განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები