ქუვეითში ელექტროენერგიისა და წყლის გამტკნარების ობიექტზე საჰაერო დარტყმა განხორციელდა.
პარასკევს, შუადღემდე განხორციელებულ თავდასხმაში ქუვეითის ხელისუფლებამ ირანი დაადანაშაულა. ობიექტების ზუსტი მდებარეობა და მიყენებული ზიანის მასშტაბი უცნობია.
თავდასხმის შემდეგ ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" (IRGC) პასუხისმგებლობა უარყო და მომხდარი ისრაელს დააბრალა.
"ისრაელის არატრადიციული და არალეგიტიმური თავდასხმა ქუვეითის წყლის გამტკნარების ცენტრებზე სიონისტური ოკუპანტების სიმდაბლისა და სისასტიკის ნიშანია.
ირანი გმობს ამ არაადამიანურ აქტს და აცხადებს, რომ ჩვენს მძლავრ სამიზნეებს რეგიონში ამერიკული სამხედრო ბაზები და ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიებზე სიონისტური რეჟიმის სამხედრო და უსაფრთხოების ცენტრები წარმოადგენს", - აღნიშნულია განცხადებაში.
აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული ომის 35-ე დღეს, სპარსეთის ყურის ქვეყნები კვლავაც საპასუხო დარტყმების სამიზნეს წარმოადგენენ.
ეს თავდასხმა რამდენიმე საათით გვიან მოხდა მას შემდეგ, რაც გამთენიისას დრონებით ქუვეითის ალ-აჰმადის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზეც მიიტანეს იერიში.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KUNA-ს ცნობით, დარტყმამ "რამდენიმე საოპერაციო ერთეულში" ხანძარი გამოიწვია, თუმცა თანამშრომლები არ დაშავებულან. ადგილზე საგანგებო და სახანძრო ბრიგადები მივიდნენ, ეკოლოგიური ექსპერტები კი ჰაერის ხარისხს ამოწმებენ.
Al Jazeera-ს რეპორტაჟის თანახმად, ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც აღნიშნული ქარხანა იბომბება, ქვეყნის მასშტაბით კი მოსახლეობა "უმაღლესი განგაშის" (High Alert) რეჟიმშია.
უფრო ადრე, X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში KUNA აფრთხილებდა მოსახლეობას, რომ ქუვეითზე "მტრული სარაკეტო და სადრონე თავდასხმები" ხორციელდებოდა. სააგენტოს ცნობით, ჰაერში ირანული რაკეტების ჩამოგდების დროს ქვეყნის მასშტაბით სირენები იყო ჩართული და აფეთქებების ხმა ისმოდა.
ქუვეითი და სპარსეთის ყურის დიდი ნაწილი გამტკნარებულ წყალზე ძლიერ არიან დამოკიდებულნი.
უფრო ადრე, 30 მარტს, ქუვეითის ელექტროენერგიისა და წყლის გამტკნარების ქარხანაზე თავდასხმას ინდოეთის მოქალაქე ემსხვერპლა. მაშინაც ირანმა პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრა.




























