მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვარცხავა: “სამშენებლო ამნისტია ცუდი არ არის, თუმცა არსებულ პრობლემას ვერ გადაჭრის“

blc

მთავრობა სამშენებლო ამნისტიის პროექტს ამზადებს, რომელიც მილიონამდე მოქალაქეს შეეხება. როგორც 20 ნოემბერს გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი, პრემიერმა ღარიბაშვილმა იუსტიციის მინისტრს სამშენებლო ამნისტიის პროექტზე მუშაობა დაავალა, რომელიც ფიზიკურ პირთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე აშენებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს შეეხება. გადაწყვეტილება 2024 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე გავრცელდება. ცვლილებაზე მსჯელობისას ხაზი გაესვა, რომ გადაწყვეტილებით, ერთი მხრივ, მომავალში აღმოიფხვრება უკანონო სახლების მშენებლობის პრაქტიკა, მეორე მხრივ, მოქალაქეები, რომელთაც აქვთ ინდივიდუალური სახლები სოფლად ან ქალაქად, რომლებზედაც არ გაცემულა სამშენებლო დოკუმენტაცია, აღარ იქნებიან ვალდებულნი, გაიარონ ლეგალიზაციის რთული და ხარჯიანი პროცედურა.

იურიდიული ფირმა BLC-ის მმართველი პარტნიორი ქეთი ქვარცხავა ფიქრობს, რომ სამშენებლო ამნისტია და მოგვიანებით ჯარიმების გაზრდა პრობლემას ვერ გადაჭრის. როგორც ქვარცხავამ „უძრავი ქონების პროსპექტთან“ საუბრისას განმარტა, აუცილებელია სამშენებლო ნებართვების აღების პროცესი სამართლიანი და სწრაფი გახდეს.

“როგორც წესი, ეკონომიკურ ამნისტიას განაპირობებს ან მწვავე ეკონომიკური, ან მწვავე სოციალური საკითხი. როდესაც ამნისტიაზე ვფიქრობთ, უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რამ გამოიწვია ამ პრობლემების დაგროვება და რამდენად სწორად დავარეგულირებთ ამ პრობლემას მომავალში იმისათვის, რომ აღარ მოხდეს იგივე საკითხის გამეორება.

ჩვენ მთავრობისგან მოვისმინეთ, რომ ისინი აპირებენ პროცესის გამკაცრებას, სანქციების გაზრდას და ა.შ. თუმცა ვშიშობ, რომ ეს არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ მოგვარდეს ის პრობლემა, რამაც გამოიწვია ამ ინიციატივის აუცილებლობა.

ამ შემთხვევაში აუცილებელია გადავხედოთ იმ მექანიზმებს, რაც ახასიათებს სამშენებლო ნებართვის მოთხოვნის პროცესს, რამდენად სამართლიანია წესი და რამდენად გასაგებია ის მოქალაქეებისთვის. აქ არის ან ერთი ან რამდენიმე პრობლემა ერთობლივად. ანუ პროცესი არ არის გამჭვირვალე, ერთგვაროვან სიტუაციებში სხვადასხვანაირი გადაწყვეტილების გამოტანა ხდება, რაც დაუშვებელია", - განაცხადა ქვარცხავამ.

მისივე თქმით, ეს სამართლიანობას ეჭვის ქვეშ აყენებს.

"ამას გარდა, მექანიზმი არ არის საკმარისად სწრაფი. ხშირად სწორედ ეს იწვევს ქაოსურ მშენებლობას ნებართვების გარეშე. პრევენცია არის კანონი და პროცესის დალაგება. ამნისტია ცუდიც არ არის, ანუ ეს ნიშნავს, რომ პრობლემა დაგროვდა და იმ მომენტისთვის აუცილებელი ნაბიჯია, მაგრამ არანაირ სამომავლო პრობლემას არ ხსნის, მით უმეტეს, თუ კანონთა ერთობლიობასთან არ არის კომპლექსში გააზრებული.

იმაზე ლაპარაკი, რომ გაიზრდება ჯარიმა, ან გამკაცრდება მექანიზმები არასაკმარისია. დამიჯერეთ, არსებული ჯარიმებიც და მექანიზმებიც საკმაოდ დიდი იყო თუმცა არ ხორციელდებოდა. ჯარიმების გაზრდა არანაირად არაფერზე იმოქმედებს. ერთადერთი რამ იმოქმედებს: პროცესი იყოს გამჭვირვალე, სამართლიანი და სწრაფი“, - თქვა ქვარცხავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები