მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის 7.5 კმ უკვე გაჭრილია

647ef7ba17371
შოთა ტყეშელაშვილი
03.10.23 18:49
8652

ქვეშეთი-კობის გვირაბის 7.5 კილომეტრი უკვე გაჭრილია, - ინფორმაცია აღნიშნულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბების, მათ შორის ყველაზე გრძელი, 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

დღეის მდგომარეობით მთავარი გვირაბის 7500 მეტრი (83%) უკვე გაბურღულია. 

პარალელურად მიმდინარეობს საევაკუაციო გვირაბის გაყვანაც, რომლის 5600 მეტრია გაბურღული ამ დროისთვის.

შეგახსენებთ, მთავარი გვირაბის გაყვანა მიმდინარეობს სპეციალურად ქვეშეთი-კობის პროექტისთვის დამზადებული გვირაბგამყვანი დანადგარით - TBM-ით, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას.

ბურღვის პარალელურად TBM-ს ნაშალი ქანები გამოაქვს გარეთ და ფილებით მოპირკეთებასაც ახორციელებს.

ასევე გაგაცნობთ II ლოტზე (მისასვლელი გზა) მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაციას:

გვირაბი #1 - ბურღვითი სამუშაოები მიმდინარეობს ორივე მხრიდან. ამ დროისთვის ჯამში 1150 მეტრია გაბურღული. (1541მ-დან)

გვირაბი #3 - ბურღვითი სამუშაოები დასრულებულია. (488მ) 

#2 ხიდზე მიმდინარეობს ბურჯების მოწყობის სამუშაოები, ხოლო #4, #5 და #6 ხიდებზე მიმდინარეობს ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები.

პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება,"- ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში, ჯამში აშენდება 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი და 5 გვირაბი. მათ შორის, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბი, რომლის ბურღვა კლდოვან ქანებში მიმდინარეობს, საქართველოში ყველაზე დიდი, ხოლო მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება. ახალი 23 კმ-იანი გზა მანძილს 11 კმ-ით შეამცირებს, ხოლო გზის გავლას 1 საათის ნაცვლად 15 წუთი დასჭირდება. გზის დაახლოებით 70%-ს ექნება დამატებითი ზოლი.

როგორც გზების დეპარტამენტი იტყობინება, აშენდება გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი გზაც. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს მოსახლეობის საჭიროებებზე დაფუძნებულ მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც, მათ შორის, ადგილობრივი გზების მშენებლობითა და არსებული ძველი სოფლის გზების განახლებით ახალი სატრანსპორტო ქსელის შექმნას და ტურისტული ცენტრის მშენებლობას.

გვირაბის გაყვანა 900 მილიონი ლარი ჯდება, ხოლო მთლიანად ახალი მაგისტრალის მშენებლობის ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები