ქვეშეთი-კობის გვირაბის 8.5 კილომეტრი უკვე გაჭრილია, - ინფორმაცია აღნიშნულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
"ქვეშეთი-კობის გზის პროექტის ყველაზე დიდი, 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრამდე 500 მეტრია დარჩენილი. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მთავარი გვირაბის 8500 მეტრია გაჭრილი, ხოლო პარალელურად მიმდინარეობს საევაკუაციო გვირაბის გაყვანა, რომლის 6800 მეტრია გაბურღული ამ დროისთვის. ამ ეტაპზე, სამუშაოების 95%-მდე შესრულებულია. ახალი 9 კმ-იანი გვირაბი, საქართველოში ყველაზე გრძელი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება. პროექტის მიმდინარე - 2024 წელს დასრულდება, - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში, ჯამში აშენდება 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი და 5 გვირაბი. მათ შორის, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბი, რომლის ბურღვა კლდოვან ქანებში მიმდინარეობს, საქართველოში ყველაზე დიდი, ხოლო მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება. ახალი 23 კმ-იანი გზა მანძილს 11 კმ-ით შეამცირებს, ხოლო გზის გავლას 1 საათის ნაცვლად 15 წუთი დასჭირდება. გზის დაახლოებით 70%-ს ექნება დამატებითი ზოლი.
როგორც გზების დეპარტამენტი იტყობინება, აშენდება გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი გზაც. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს მოსახლეობის საჭიროებებზე დაფუძნებულ მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც, მათ შორის, ადგილობრივი გზების მშენებლობითა და არსებული ძველი სოფლის გზების განახლებით ახალი სატრანსპორტო ქსელის შექმნას და ტურისტული ცენტრის მშენებლობას.
გვირაბის გაყვანა 900 მილიონი ლარი ჯდება, ხოლო მთლიანად ახალი მაგისტრალის მშენებლობის ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია. პროექტს ჩინეთის რკინიგზის გვირაბების კორპორაცია და ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო აშენებენ.