მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქვეშეთი-კობის გზა 2028 წლისთვის გაიხსნება - ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ქვეშეთი-კობი

ჩრდილოეთი-სამხრეთის მაგისტრალის ერთ-ერთი უმთავრესი - ქვეშეთი-კობის 23-კილომეტრიანი მონაკვეთი 2028 წელს გაიხსნება, ამის შესახებ "პირველი არხის" ეთერში ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ განაცხადა. მისი თქმით, წელს გაიხსნება გუდაურამდე მისასვლელი ახალი გზა, ხოლო მთლიანად ქვეშეთი-კობის გზა 2028 წელს იქნება მოძრაობისთვის გახსნილი. მინისტრის თქმით, პარალელურად აქტიურად გრძელდება სტეფანწმინდა-გველეთის გზის მშენებლობა, სადაც 2-კილომეტრიანი ესტაკადა და ხიდი ეწყობა. ამასთან მინისტრის თქმით, სამინისტროს იმედი აქვს, რომ მალე გამოცხადდება სტეფანწმინდის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობის ტენდერი.

"ქვეშეთი კობის გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და იმედი გვაქვს ზაფხულის სეზონისთვის გუდაურამდე მისასვლელ გზას გავხსნით, რაც შეეხება მეორე მონაკვეთს, 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა უკვე დასრულებულია, თუმცა იქ გვაქვს რამდენიმე ძალიან რთული და უნიკალური საინჟინრო ნაგებობა, მათ შორის ყველაზე მაღალი და გრძელი თაღოვანი ხიდი, რომლის მშენებლობასაც საკმაოდ რთული მეტეოროლოგიური პირობები ართულებს, ამიტომ იმედი გვაქვს რომ 2028 წლისთვის ეს დასრულდება.

ასევე აქტიურად მიმდინარეობს ლარის მიმართულებით გზის მშენებლობა და იმედი გაქვს, რომ მალე გამოცხადდება არშა-სტეფანწმინდის გზის ტენდერი,"- განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ქვეშეთი-კობის გზის სამშენებლო სამუშაოები ორ ნაწილად არის დაყოფილი, მათგან ყველაზე ძვირად ღირებულია 9-კილომეტრიანი გვირაბის და მისი საევაკუაციო გვირაბის მონაკვეთი, რომელზეც ჩინური კომპანია China Railway Tunnel group Co მუშაობს. ამ კონტრაქტის ფარგლებში გათვალისწინებული ორივე გვირაბის გაყვანა დასრულებულია და მათი შიდა მოსახვისა და ვენტილაციის სისტემით აღჭურვის სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ლოტის ღირებულება 902 მილიონ ლარს შეადგენს.

რაც შეეხება გზის მეორე 12.7-კილომეტრიან მონაკვეთს, მისი ღირებულებაა 317 მილიონი ლარი და მასზე სამუშაოებს China Railway 23rd Bureau Group Co ახორციელებს. გზის ეს მონაკვეთი ითვალისწინებს 5 ხიდის და 4 გვირაბის მშენებლობას და ასევე 1 ხიდის რეაბილიტაციას. გზის ამ მონაკვეთზე გვირაბების სიგრძეებია 1541 მეტრი, 194 მეტრი, 388 მეტრი და 299 მეტრი. ხოლო ხიდების სიგრძეებია 435 მეტრი; 426 მეტრი; 322 მეტრი; 218 მეტრი; 148 მეტრი და 42 მეტრი.

ამჟამად სამუშაოების უმეტესი ნაწილი გზის სწორედ ამ მონაკვეთზე არის დარჩენილი. მათ შორისაა ურთულესი 426-მეტრიანი ხიდი, რომლის თაღის სიმაღლეც 166 მეტრს შეადგენს და ის ამ მხრივ ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობაა.

გზის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი $415 მილიონით, EBRD-ი კი $60 მილიონით აფინანსებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები