“აუცილებელია გავხდეთ ენერგოდამოუკიდებლები, ექსპორტიორები, რაც მეორეს მხრივ ენერგოუსაფრთხოებას უწყობს ხელს და რაც მნიშვნელოვანია გარდა იმ ეკონომიკური ბენეფიტებისა, რასაც ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები მოგვცემს” - ამის შესახებ გერმანული საკონსულტაციო კომპანია OMNIA-ს ენერგეტიკის მრჩეველმა მაკა გელაშვილმა BMGTV-ის გადაცემა რედაქტ2-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს განახლებადი ენერგიების რესურსების დიდი პოტენციალი გააჩნია, სხვა ქვეყნების გამოცდილება კი ცხადყოფს, რომ ამ პოტენციალის ათვისებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სახელმწიფოს მხარდამჭერმა მექანიზმებმა.
“საქართველოში განახლებადი ენერგიების რესურსების უზარმაზარი პოტენციალია, სხვადასხვა წყაროს თუ დავეყრდნობით ათვისებულია ჩვენი ჰიდრო რესურსების დაახლოებით 20-22%, ხოლო ქარის არის 1% ათვისებული და მზის 1,2%.
ბოლო 5 წლის მანძილზე და მანამდეც იგივე სურათი იყო, საქართველო იყო ნეტ იმპორტიორი, გამომუშავება ვერ აკმაყოფილებს ქვეყნის მოხმარებას, ამიტომ ქვეყანას უწევს იმპორტის განხორციელება. გამონაკლისი იყო 2023 წელი, როცა გამომუშავებამ მოხმარებას გადააჭარბა და ქვეყანა დროებით ნეტ ექსპორტიორი გახდა, 2024 წელს კი ისევ ნეტ იმპორტიორი გახდა.
ფაქტია, რომ მოხმარება იზრდება და საჭიროა ქვეყანა კიდევ უფრო იმპორტდამოკიდებული რომ არ გახდეს მისი განახლებადი ენერგიის გამომუშავება გაზარდოს. აქ კითხვის ნიშნებიც კი არ ისმება, საჭიროა თუ არა. აუცილებელია გავხდეთ ენერგოდამოუკიდებლები, ექსპორტიორები, რაც მეორეს მხრივ ენერგოუსაფრთხოებას უწყობს ხელს, რაც მნიშვნელოვანია გარდა იმ ეკონომიკური ბენეფიტებისა, რასაც ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები მოგვცემს.
მოწინავე ქვეყნებმა ამ კუთხით სხვადასხვა მექანიზმები, მოდელები შეიმუშავეს, ზოგმა გაამართლა, ზოგი იქცა მაგალითად და სხვა ქვეყნებმაც მიჰბაძეს და გაიზიარეს ეს გამოცდილება. მინდა ვისაუბრო მხარდამჭერ მექანიზმებზე, როგორიც არის მაგალითად თუნდაც პირდაპირი ხელშეკრულებები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პირდაპირი ინვესტიციები ასეთ პროექტებში, გარდა ამისა PPA ხელშეკრულებები, რომელიც ჩვენც გვქონია წარსულში და ა.შ ამან გაამართლა და დიდი შედეგიც მოიტანა.
საქართველოში მხარდამჭერი მექანიზმების შემოღება (cfd) ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, თუმცა მნიშვნელოვანია ეს გაგრძელდეს”, - აცხადებს მაკა გელაშვილი.




























