მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქვეყანა შრომითი მიგრაციის სფეროში თვისობრივი გარდაქმნების ზღვარზე დგას - მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე

„ქვეყანა შრომითი მიგრაციის სფეროში თვისობრივი გარდაქმნების ზღვარზე დგას“, - ასე აფასებს "ქართული ოცნების" მთავრობაში ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე 1-ელი მარტიდან დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრმა აღნიშნულ საკითხზე მოადგილეებთან და პარლამენტის წევრებთან ერთად იმსჯელა, სადაც ცვლილებების ეფექტურად აღსრულების გზები განიხილეს. სარჯველაძემ თქვა ისიც, რომ დეპუტატებთან შემდგომ თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ აღსრულების მექანიზმების უზრუნველყოფისა და დახვეწისთვის.

"შრომითი მიგრაციის სფეროში თვისობრივი გარდაქმნების ზღვარზე დგას ქვეყანა, როდესაც, ის რაც ქაოსურად რეგულირდებოდა და ქაოსურად წესრიგდებოდა, აქ შემოდის ერთგვარი, რომლის მეშვეობითაც ადგილობრივი შრომითი რესურსებისთვის უპირატესობის მინიჭება არის ცალსახად მიღებული გადაწყვეტილება, რომლის აღსრულების პროცესიც იწყება პირველი მარტიდან.

ამ კუთხით, სამზადისის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ჩვენ გვქონდეს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის ძალიან აქტიური თანამშრომლობა", - განაცხადა "ოცნების მთავრობაში" ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

უწყების ინფორმაციით, კანონი ევროკავშირის რეკომენდაციების გათვალისწინებით მომზადდა. შრომითი საქმიანობის უფლება კონკრეტულ პოზიციასა და კონკრეტულ დამსაქმებელზე 1 წლის ვადით გაიცემა.

რაც შეეხება თვითდასაქმებულ უცხოელს, სამუშაო უფლება გაიცემა კონკრეტული სფეროს, სექტორისა და სამეწარმეო საქმიანობის მითითებით.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებებთან დაკავშირებით განსაზღვრულია საშეღავათო პერიოდები - 2027 წლის 1-ელ იანვრამდე, მათთვის ვინც უკვე რეგისტრირებულია შრომითი მიგრაციის ელექტრონულ სისტემაში და დასაქმებულია ლეგალურად. მეორე საშეღავათო პერიოდი კი ვრცელდება 2026 წლის 1-ელ მაისამდე და იმ თვითდასაქმებულ უცხოელებს შეეხება, ვინც უკვე ახორციელებს შრომით/სამეწარმეო საქმიანობას საქართველოში.

თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე თავს აარიდებს "შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონით განსაზღვრულ ნორმებს, ეს გამოიწვევს, როგორც დასაქმებულის, ისე დამსაქმებლის დაჯარიმებას, მათ შორის თვითდასაქმებული უცხოელის ფინანსურ ჯარიმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები