მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქვეყანაში არსებული ენერგოდეფიციტი სადგურს აიძულებს, მაქსიმალურად გახარჯოს რესურსი - ენგურჰესის ტექნიკური დირექტორი

ენგურჰესი

ზამთრის პერიოდში ოკუპირებული აფხაზეთის მოხმარება მკვეთრად იზრდება, რაც რეგიონში ალტერნატიული ენერგორესურსების არარსებობით არის განპირობებული - ასე პასუხობს ქვეყნის უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგურის, „ენგურჰესის“ ტექნიკური დირექტორი, გია ხუბუა სადგურის ირგვლივ არსებულ დისკუსიას.

ხუბუა BMG-სთან განმარტავს, თუ როგორ ნაწილდება ელექტროენერგია ოკუპირებულ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის, რატომ უწევს ჰესს კრიტიკულად დაბალ ნიშნულზე მუშაობა და რა ტექნიკური სამუშაოებია დაგეგმილი 2028 წლამდე.

მისი განმარტებით, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის განაწილება სეზონურობაზეა დამოკიდებული, თუმცა წლიურ ჭრილში, მხარეებს შორის დადგენილი პროპორცია (60/40) თითქმის, უცვლელი რჩება. ტექნიკური დირექტორი აღნიშნავს, რომ ზამთრის პერიოდში ოკუპირებული აფხაზეთის მოხმარება მკვეთრად იზრდება, რაც რეგიონში ალტერნატიული ენერგორესურსების არარსებობით არის განპირობებული.

„საქართველოს ენერგოსისტემა გაერთიანებულია აფხაზეთთან. კონფლიქტი რომ არ იყოს და დევნილები დაბრუნებული რომ იყვნენ, კიდევ უფრო მეტი მოსახლეობა იქნება და კიდევ მეტს წაიღებს. უბრალოდ, ცალ-ცალკე რომ არის, ასე ვთქვათ, ოკუპირებული ზონა, ამიტომ ხდება სალაპარაკო, თორემ ენერგოსისტემა ერთია. 40% მიდის იქით, 60% აქეთ, და ვცდილობთ ეს ყოველწლიურად დავიცვათ. ეს წლიურ ჭრილში - იმიტომ, რომ ყოველთვიურ ჭრილში და ზამთარში ამის დაცვა ჭირს - აფხაზეთს არ აქვს გაზი, არ აქვს სხვა საშუალებები. ქართულ მხარეს კი, მეტი საშუალებები აქვს“ - აცხადებს ხუბუა.

მისივე თქმით, გაზრდილი მოხმარების გამო, აფხაზეთისთვის ენგურჰესის 40%-იანი წილიც კი არასაკმარისია.

„ეს რა თქმა უნდა, აფხაზეთს არ ჰყოფნის და ისინი იძულებულები არიან, დანარჩენი ენერგია რუსეთიდან საბაზრო ფასებში შეისყიდონ.“

ამასთან, ხუბუა განმარტავს, თუ რატომ არის ამ დროისთვის წყლის დონე წყალსაცავში დაბალი. მისი თქმით, ეს პროცესი ყოველწლიურია - ქვეყანაში არსებული ენერგოდეფიციტი სადგურს აიძულებს, მაქსიმალურად გახარჯოს რესურსი.

„არსებობს ოპტიმალური, 440-იანი ნიშნული. მის ქვემოთ არის კიდევ 20 მეტრი - ე.წ. აუცილებელი რეზერვი. ჩვენ იძულებული ვართ, ეს რეზერვი ყოველწლიურად გამოვიყენოთ, იმიტომ რომ ქვეყანას ელექტროენერგია არ ჰყოფნის. წყალი თავდება და დაბალ დონეებზე გვიწევს მუშაობა,“ - განმარტავს ტექნიკური დირექტორი და აღნიშნავს, რომ წყლის დონის მატება უკვე დაწყებულია და მაქსიმალურ ნიშნულს წყალსაცავი ივლისის ბოლოს მიაღწევს.

მისივე თქმით, მხოლოდ ენგურჰესის იმედად ყოფნა მზარდი მოხმარების ფონზე რთულია.

„შარშან რამდენიმე მცირე ჰესი შევიდა ექსპლუატაციაში, სიმძლავრე 70 მეგავატზე მეტით გაიზარდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მოხმარება უფრო სწრაფად მატულობს, ვიდრე მშენებლობა. ამიტომ საჭიროა მეტი ტემპები,“ - ამბობს ის.

ამასთან, გია ხუბუას ცნობით, ამჟამად ჰესის რეაბილიტაციის მეხუთე ფაზა მიმდინარეობს, რომელიც პროექტირებისა და ტენდერების ეტაპზეა.

„რესურსი მოძებნილია, კრედიტი გამოყოფილია. ახლა მიმდინარეობს დაპროექტება და ტენდერები. ეს ფაზა 2028 წლის ბოლოს დამთავრდება, რითაც დასრულდება დიდი სამუშაოები კაშხალზე, გვირაბსა და მოწყობილობების განახლებაზე. ამის შემდეგ, ენგურჰესს მინიმუმ, 15 წელი აღარ დასჭირდება განსაკუთრებული ინვესტიცია,“ - ამბობს გია ხუბუა.

ენგურჰესი, რომელიც პიკური სადგურია, ბოლო წლების განმავლობაში ბაზისურ რეჟიმში მუშაობს, რაც ეკონომიკურად და ტექნიკურად გაუმართლებელია - ამის შესახებ ენერგეტიკოსები და დარგის სპეციალისტები საუბრობენ. სადგური, რომელიც ქვეყნის ენერგოსისტემის უმნიშვნელოვანესი დასაყრდენია, ქვეყნის იაფი ელექტროენერგიით უზრუნველყოფაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. ამის მიუხედავად, ყოველწლიურად, იზრდება მისი წილი ოკუპირებული აფხაზეთის მოხმარებაში, ხოლო დანარჩენი საქართველოსთვის - მცირდება. ენერგეტიკოსები განმარტავენ, რომ რთული დატვირთვის რეჟიმში მომუშავე ჰესი იძულებით ასრულებს „საბაზისო სადგურის“ როლს, რაც მისი დანიშნულება არ არის. ეს კი, მის ეკონომიკურ სარგებელსაც ამცირებს და ტექნიკურ ფუნქციონირებასაც რისკებს უქმნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები