მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანაში ახალი 16-მილიონიანი ა(ა)იპ-ი იქმნება

6368d2df7a286
მარიამ დემეტრაშვილი
07.11.22 14:15
802
საქართველოში კიდევ ერთი ა(ა)იპ-ი იქმნება. სისხლის ცენტრალური დაწესებულება ჯანდაცვის სამინისტროს დაექვემდებარება და მისი დაფუძნებისთვის 16 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. ახალ დაწესებულებაში დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურებისთვის კი 3 600 000 ლარი გამოიყოფა. ახალი უწყების შექმნას საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს, რომელსაც პარლამენტი განიხილავს.

„ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, ქვეყანაში შეიქმნება  სისხლის სამი დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სისხლის შეგროვებაზე, დამუშავებაზე, ტესტირებაზე, შენახვასა და განაწილებაზე. მათგან ერთი - სახელმწიფო, ორი კი კერძო დაწესებულება იქნება.

პარალელურად იარსებებს კლინიკების ბაზაზე დაფუძნებული სისხლის ბანკები, რომლებსაც მხოლოდ სისხლის შენახვა და გაცემა შეეძლებათ.

ინფორმაციისთვის, ამჟამად ქვეყანაში 25-მდე სისხლის ბანკი ფუნქციონირებს, რომელთა ნაწილი კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ გაუქმდება.

„ცვლილება შეეხება ფრაგმენტული სისტემის ჩანაცვლებას მეტად კოორდინირებული, ცენტრალიზებული სისტემით. ცნობილია, რომ ესეც არის საუკეთესო მოდელი სისხლის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და მომარაგების ლოგისტიკის შესაფერისი ფუნქციონირებისთვის.

სამომავლო სისტემაში, სისხლის დაწესებულება, რომელიც სისხლის აწარმოებს, უნდა იყოს არაუმეტეს სამისა, თუმცა სისხლის ბანკი იქნება ყველა დიდი ჰოსპიტლის ბაზაზე და იქ სისხლის გარკვეული მარაგი აუცილებლად უნდა ინახებოდეს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

ამასთან, სისხლის ჩაბარების სანაცვლოდ ფულადი ანაზღაურების მიღება/გაცემა აიკრძალება, კერძოდ, აღნიშნული შეზღუდვა ძალაში 2025 წლიდან შევა. სისხლის დონაცია უანგარობისა და ანონიმურობის პრინციპს დაეფუძნება. თამარ გაბუნია ამბობს, რომ ანაზღაურების სანაცვლოდ გაცემული სისხლი  უსაფრთხოების სათანადო ხარისხს ვერ უზრუნველყოფს.

„ითვლება, რომ ქვეყანა, რომელიც იყენებს უანგარო დონაციას, როგორც სისხლის შეგროვების მთავარ მექანიზმს, მეტად არის უზრუნველყოფილი და გარანტირებული სისხლის უსაფრთხო პროდუქტებით. ეს მოდელი აწყობილია ბალტიისპირეთის ქვეყნების, ასევე ნიდერლანდების გამოცდილებაზე დაყრდნობით.

სისხლის დაწესებულება აუცილებლად უნდა იყოს არასამეწარმეო, არაკომერიცული პირი. კომერციული ელემენტებისგან სისხლის სისტემა უნდა იყოს სრულად თავისუფალი, რადგან ერთი მხრივ, არაეთიკურია და მეორე მხრივ, იწვევს რისკებს“, - ამბობს გაბუნია.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სახელმწიფო სისხლის დაწესებულებაში 110 ადამიანის დასაქმება იგეგმება.

რაც შეეხება კითხვას, სრულად უანგარო დონაციაზე გადასვლა ხომ არ გამოიწვევს სისხლის დეფიციტს, თამარ გაბუნიამ უპასუხა, რომ ეს რისკი არ დადგება.

„ეს კითხვა ხშირად ისმება. ჩემი პასუხია, რომ არ გამოიწვევს. პირველ რიგში, აქტიურად უნდა ჩატარდეს საინფორმაციო კამპანია და 2.5-წლიანი გარდამავალი პერიოდია განსაზღვრული, რომ კანონის ამოქმედებიდან სრულად უანგარო დონაციაზე გადასვლისთვის მოვემზადოთ. პროგრესი დღესაც ძალიან კარგია. 2015 წელს უანგარო დონორების რაოდენობა 24% იყო, დღეს ეს არის 41%“, - განაცხადა გაბუნიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები