“ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ქვეყანაში ერთი პოლიტიკოსი გვყავს, რომელსაც კლასიკური პოლიტიკური განათლება აქვს მიღებული და არის კლასიკური დიპლომატი, ეს არის სალომე ზურაბიშვილი“, - ასე აფასებს BMG-სთან ბიზნესმენი თემურ ჭყონია, პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის დაწყების პროცესს, რომლის მიზეზად "ქართული ოცნება" საზღვარგარეთ სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ შეხვედრებს ასახელებს და ამბობს, რომ მთავრობას მისთვის ამის უფლება არ მიუცია.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის ნაბიჯები ვაჟკაცური და პოლიტიკურია.
“ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ქვეყანაში ერთი პოლიტიკოსი გვყავს, რომელსაც კლასიკური პოლიტიკური განათლება აქვს მიღებული და არის კლასიკური დიპლომატი, ეს არის სალომე ზურაბიშვილი. როგორ იყენებს ის, ამ განათლებას, ეს სხვა თემაა, მაგრამ, ჩემი გადმოსახედიდან, ჩემი შეფასებით, შეიძლება სხვამ მეორე და მესამეც დაასახელოს და მივიღებ, მაგრამ ჩემი შეფასებით, ერთი ადამიანი გვყავს კლასიკური პოლიტიკური განათლებით, კლასიკური პოლიტიკური ბიოგრაფიით, რომელიც მთელი ცხოვრება მუშაობს როგორც პოლიტიკოსი. ის კი არა, რომ დღეს ბიზნესმენი იყავი ან მშენებელი და მეორე დღეს პოლიტიკაში მოხვედი, პოლიტიკაში კი არ უნდა მოხვიდე, პოლიტიკა უნდა ისწავლო, თორემ მოსვლას რა უნდა. პოლიტიკოსი უნდა გახდე, ცოდნით და არა სიით. სიით რომ გახდები პოლიტიკოსი, შენ პოლიტიკოსი არ გქვია, შენ ხარ სიის ადამიანი. ამიტომ, სალომე ზურაბიშვილი დღეს რა ნაბიჯსაც დგამს, რამდენიც არ უნდა ისაუბრონ, ეს არის ვაჟკაცური და პოლიტიკური ნაბიჯები, რასაც ის აკეთებს.
BMG-ის კითხვაზე, ხომ არ აზიანებს ქვეყნის იმიჯს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება, თემურ ჭყონია პასუხობს, რომ ასეთი საქციელი ძალიან დაბალი დონისაა.
“ასეთი საქციელი უკან კი არ გვხევს, შეფასება აქვს დაბალი დონის. ამით ჩვენ ვამჟღავნებთ, რომ ის ტრადიციები, რითაც ვტრაბახობთ, თუ ტრადიციაა ჩვენში ასე მოქცევა, მაშინ დაბალი დონის ტრადიცია გვქონია. თუმცა, არ მგონია ჩვენი წინაპრები, რომლებიც გაცილებით ძლიერები იქნებოდნენ ამ თემაში, ვიდრე ჩვენ ვაფასებთ სალომე ზურაბიშვილს, ვთვლი, რომ დღევანდელი ქცევა არის დაბალი დონის“, - აღნიშნავს თემურ ჭყონია.
შეგახსენებთ, მმართველი ძალა საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. "ქართული ოცნება" მიზეზად, საზღვარგარეთ სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ შეხვედრებს ასახელებს და ამბობს, რომ მთავრობას მისთვის ამის უფლება არ მიუცია.
იმპიჩმენტის პროცედურისთვის საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3. საკონსტიტუციო სასამართლო ამ საკითხს განიხილავს და ერთი თვის ვადაში ადგენს, დაარღვია თუ არა თანამდებობის პირმა კონსტიტუცია, ან არსებობს თუ არა მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები.
თუ არ დადასტურდა ეს ფაქტები, საქმე წყდება, ხოლო თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა თანამდებობის პირის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა, პარლამენტი დასკვნის წარდგენიდან ორი კვირის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის იმპიჩმენტის წესით მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.