"სავალუტო ოპერაციების კუთხით ასეთი სტაბილური წელი ჯერ არ გვქონია" - ამის შესახებ "რიკო ექსპრესის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ლაშა ნიკოლაიშვილმა BMGTV-ის ეთერში, 2025 წლის შეჯამებისას ისაუბრა.
"2025 იყო საუკეთესო წელი "რიკოს" ისტორიაში, თავისი პორტფელის ზრდით. ფილიალების მიხედვით ჩვენ უკვე 70 ფილიალი გვაქვს. ასევე ძალიან მომატებულია სავალუტო ოპერაციები და ბაზარი ძალიან აქტიურია. ბიზნესში გახლავართ 1997 წლიდან, ეს, ქართული რეალობიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდი დროა და მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ არ მახსოვს ასეთი სტაბილური ვითარება, რომელიც წელს იყო, განსაკუთრებით უცხოური ვალუტის შემოდინებით და საოპერაციო კუთხით, ტურისტების რაოდენობით და ბიზნესს აქტიურობიდან გამომდინარე", - განაცხადა ლაშა ნიკოლაიშვილმა.
"რიკო ექსპრესის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ასევე აღნიშნავს, რომ 2025 უპრეცედენტო იყო კომპანიისთვის, ეროვნული ბანკის რეზერვების შევსების კუთხითაც.
"მე არ მახსოვს გასული წლებიდან, რომ დეკემბერში ათობით მილიონი მიგვეყიდა საქართველოს ეროვნული ბანკისთვის რეზერვების შესავსებად. ასევე ჩვენ ვუახლოვდებით სიმბოლურ $300 მილიონიან ნიშნულს. 300 მილიონი დოლარი რიკოს მოკრძალებული წილი იქნება საქართველოს ბანკის ეროვნული რეზერვების შევსებაში და მე ამით ყველაზე უფრო ვამაყობ.
დღესდღეობით ქვეყანაში იგრძნობა ლარის მიმართ უპრეცედენტო ნდობა. ეს რამდენიმე ფაქტორით არის გამოწვეული. პირველი, რომ ქვეყანაში სიტუაცია სტაბილურია, არის მშვიდობის განცდა. მეორე არის, რომ დღესდღეობით უკვე ლარის მიმართ, როგორც პროდუქტის მიმართ ძალიან დიდი ნდობა არის და ეროვნულ ბანკს სწორი პოზიცია აქვს თვითონ კურსის მიმართ. აქედან გამომდინარე, ეს ოპერაციები წინა წლებში რომ იყო რამდენიმე მილიონი, დღეს 15-20 მილიონამდე ადის თანაფარდობა, რაც აქამდე არასდროს გვქონია. გზავნილების კუთხითაც ძალიან გააქტიურებულია სისტემა. ასევე სასესხო პორტფელიც საკმაოდ გაზრდილია და აქედან გამომდინარე, ამ კომპონენტებმა ჩვენ მოგვცა საშუალება, რომ საკმაოდ სწორი სწორი ზრდა გვქონოდა", - განაცხადა ლაშა ნიკოლაიშვილმა.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესმა" 200 000 000 ლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია განახორციელა. ემისიის მიზნობრიობა 2023 წელს გამოშვებული 130 მილიონი ლარის ობლიგაციების რეფინანსირება და პორტფელის ზრდა იყო.




























