მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ვითარება მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნისთვის, ასევე "ჩირინასთვის" - რევაზ ვაშაკიძე

ჩირინა

ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი მეხორცული მეურნეობა „ჩირინას“ დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები მნიშვნელოვანია არამხოლოდ მისი კომპანიის, არამედ ქვეყნის განვითარებისთვისაც. ამის შესახებ ბიზნესმენმა #რედაქტ2-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც კომპანიის განვითარების გეგმას შეეხებოდა.

„[სიახლეები] ეს დამოკიდებულია იმაზე ქვეყანაში წლის ბოლომდე ან მომავალ წელს რა მოხდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, არამხოლოდ „ჩირინასთვის“, არამედ ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ რატომღაც ტრაგედიად მიგვაჩნია, ხალხი რომ საზღვარგარეთ მიდის, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყნის განვითარებაა, რასაც მეტი ყურადღება უნდა მიექცეს. მთავრობამ უნდა განსაზღვროს ეკონომიკის პრიორიტეტული დარგები და ამის მიხედვით უნდა განავითაროს ისინი, თუ ეს არ მოხდება ხალხი ვერაფერს გააკეთებს“, - განაცხადა ვაშაკიძემ.

პოლიტიკურად არასტაბილური წლის პირველი ნახევრის, ასევე პირველი აგვისტოდან ამოქმედებული რუსული კანონისა და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, ბიზნესმენის მოლოდინების შესახებ #რედაქტ2-ში დასმული კითხვის საპასუხოდ რევაზ ვაშაკიძე აცხადებს, რომ მისი კომპანია დიდწილად ევროპულ გამოცდილებასა და ცოდნაზეა დამოკიდებული, შესაბამისად ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავება ჩირინასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რევაზ ვაშაკიძე აღნიშნავს, "ჩირინას" წარმოება, რომელიც თანამედროვე დანადგარებითაა აღჭურვილი, ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით მოქმედებს და პროგრამული უზრუნველყოფის ნაწილში მანქანა-დანადგარების მართვა რიგ შემთხვევაში ჰოლანდიიდან ან ესპანეთიდან ხდება. ევროპულ ქვეყნებთან კავშირის გაწყვეტა კი კომპანიისთვის ტრაგედია იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები