ევროკავშირის თავდაცვის მინისტრებმა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვისთვის დამატებითი რაკეტების მიწოდების თაობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა კაია კალასმა მინისტრთა საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის ახალი რაკეტების მიწოდების ვალდებულება არ აუღიათ. თუმცა კალასმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის საჰაერო სივრცის დაცვა ევროპისთვის კვლავ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. ევროპელმა ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფრონტზე შექმნილი ვითარების გამო კიევს გადამჭრელი რაკეტები დაუყოვნებლივ ესაჭიროება და რომ ბრიუსელი ამ პრობლემის მოსაგვარებლად ყველა შესაძლო ზომას გზას მიმართავს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ შეთანხმების მიუღწევლობის მთავარი მიზეზი ახალი რაკეტების წარმოების გახანგრძლივებული ვადები გახდა. მინისტრების ნაწილის შეფასებით, მათი საწარმოები გაცემული მარაგების შევსებას მოკლე დროში ვერ შეძლებენ, რაც რიგი სახელმწიფოების თავდაცვისუნარიანობას შეამცირებს და ეროვნული უსაფრთხოების რისკებს გაზრდის.
კაია კალასმა წევრ ქვეყნებს საკუთარი სამხედრო მარაგების გახსნისა და რაკეტების დაუყოვნებლივ გადაცემისკენ მაინც მოუწოდა. კალასი გამოვიდა ინიციატივით, რომ პარტნიორებს საკუთარი დაცარიელებული არსენალი მოგვიანებით, უკრაინისთვის გამოყოფილი საკრედიტო რესურსებით შეევსოთ, თუმცა ევროპულმა სახელმწიფოებმა საკუთარი რეზერვების დათმობის ინტერესი ამ ეტაპზე არ გამოხატეს.
























