მცირე და საშუალო საწარმოების ასოციაციაში აცხადებენ, რომ ბიზნესისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ კადრების დეფიციტი რჩება.
როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა, მიხეილ ჭელიძემ BMG-ის განუცხადა, სამუშაო ძალის ნაკლებობის მთავარი მიზეზი ის გარემოებაა, რომ საქართველოდან მოქალაქეების ნაწილი სამუშაოდ საზღვარგარეთ უფრო განვითარებულ ქვეყნებში მიდის.
მისი თქმით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად რაიმე ხელოვნური ჩარევა არ უნდა მოხდეს და მთავარი გამოსავალი ქვეყნის ეკონომიკის იმგვარად განვითარებაა, რომ კომპანიებმა დასაქმებულებისთვის უფრო მაღალი ანაზღაურების შეთავაზება შეძლონ.
„ქვეყანაში პროფესიული კადრების დეფიციტია და ამის მიზეზი ისაა, რომ შრომითი მიგრაცია გვაქვს, როდესაც სამუშაო ძალა უფრო მეტად განვითარებულ ქვეყნებში მიდის, ხოლო შედარებით ნაკლებად განვითარებულებიდან ჩვენთან მოდიან. ეს ნორმალური პროცესია და ამას ჩვენ ხელოვნურად ვერ შევაჩერებთ, არ ვთვლი, რომ რაიმე საკანონმდებლო რეგულაცია უნდა იყოს ამ მიმართულებით. გამოსავალი ისაა, რომ ბიზნესი უფრო მეტად მოქნილი უნდა იყოს, უნდა მოძლიერდეს კერძო სექტორი, რომ შეძლონ დასაქმებულებისთვის ისეთი ანაზღაურების შეთავაზება, რაც შედარებით განვითარებულ ქვეყნებშია. სწორედ ამ გზით, ეტაპობრივად შეიძლება რომ ეს პრობლემა მოგვარდეს“, - განაცხადა მიხეილ ჭელიძე.
ცნობისთვის, BAG ინდექსის კვლევის თანახმად, 2024 წლის პირველ კვარტალში, სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად სახელდება. კერძოდ, გამოკითხული ბიზნესის 67% კვალიფიციური კადრების დეფიციტზე საუბრობს.