მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანაში სურსათის ბანკები შეიქმნება - რა შეღავათებს მიიღებს სურსათის დონაციით ბიზნესი ?

6434101d6b1a3
ელენე გოგბერაშვილი
11.04.23 01:00
816
პარლამენტში საკომიტეტო განხილვებს გადის უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომელიც სურსათის ნარჩენებს, მის დანაკარგებს და შეწირულობას შეეხება. კანონპროექტით, ბიზნესებს საკვების არა ჩამოწერის და გადაყრის, არამედ დონაციის საშუალება მიეცემათ, რაც წახალისებული იქნება შესაბამისი საგადასახადო შეღავათებით.

თუ სურსათს ეტიკეტზე მითითებული ვადა გასდის, მოქმედი კანონი მისი მოხმარებისთვის გამოყენებას კრძალავს და ბიზნესს მისი ჩამოწერის ვალდებულება აქვს, წარმოდგენილი ცვლილებებით კი ეტიკეტზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ დაბალი რისკის პროდუქციის მოხმარება, რომელიც უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, დაშვებული გახდება. ეს კი მისცემს ბიზნეს სექტორს იმის საშუალებას, რომ აღნიშნული პროდუქტი არ გაანადგუროს და გადასცეს საქველმოქმედო ორგანიზაციებს და სურსათის ბანკებს.

სურსათის ბანკის ცნება ახალია კანონმდებლობაში, ამ სტატუსის მიღება არსებულ ან ახალ საქველმოქმედო ორგანიზაციებს შეეძლებათ, რომლებიც ავტორიზაციას გაივლიან სურსათის ეროვნულ სააგენტოში და ამავდროულად დააკმაყოფილებენ HACCP-თან გათანაბრებულ სტანდარტებს. ამასთან, ბიზნესის მხრიდან სურსათის შეწირულობა წახალისებული იქნება საგადასახადო შეღავათებით.

დღეს ფისკალურად, სურსათის შეწირულობა არახელსაყრელია ბიზნესისთვის. სუპერმარკეტები უარს ამბობენ ზედმეტი საკვების გაცემაზე, რადგან შემოწირული საკვები იბეგრება დღგ-ითა (15%) და მოგების გადასახადით (18%). წარმოდგენილი ცვლილებებით კი სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილის მიერ სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის სურსათის უსასყიდლოდ მიწოდება გათავისუფლდება როგორც მოგების, ისე დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან.

„დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საგადასახადო კოდექსით, წინა წლის წმინდა მოგების 1%-ზე მეტი პროდუქციის საქველმოქმედო მიზნით გადაცემის შემთხვევაში ჩვეულებრივად ხდებოდა პროდუქციის დაბეგვრა, ხოლო ახალი კანონმდებლობის ამოქმედების შემთხვევაში არ არის ამგვარი შეზღუდვა გათვალისწინებული და ნებისმიერი რაოდენობის სურსათი, რომელიც გადაცემული იქნება საქველმოქმედო მიზნებისთვის მხოლოდ და მხოლოდ გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, აგრეთვე ისარგებლებს დღგ-ს ჩათვლის უფლებით. ეს მათთვის არის მნიშვნელოვანი შეღავათი, გამომდინარე იქიდან, რომ ასევე  ვადაგასული პროდუქციის განადგურებასთან დაკავშირებული ხარჯები გაუუქმდებათ. ასევე დეკლარირებას საჭიროებს ბიზნესი შემოსავლების სამსახურთან თუ რა რაოდენობის და კატეგორიის სურსათის მოხსნა უნდა მოახდინოს დახლიდან და ამ შემთხვევაში კანონის ამოქმედების შემთხვევაში იმ დაბალი რისკის პროდუქტის განადგურების ხარჯები მთლიანად შეუმცირდებათ“,-აცხადებს BM.GE-სთან უმრავლესობის დეპუტატი და კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ხატია წილოსანი.

სურსათის შეწირულობა ბიზნესისთვის ნებაყოფლობითია. თუ ისინი დონაციის სისტემაში არ ჩაერთვებიან, ჩვეულებრივად შეეხებათ მოქმედი დაბეგვრის რეჟიმი. როგორც კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი განმარტავს, კანონპროექტზე უკვე მომზადებულია რეგულირების გავლენის შეფასება. მათ შორის გაკეთებულია გათვლა, რა შემოსავლები შეიძლება დაკარგოს ბიუჯეტმა ბიზნესისთვის საგადასახადო პრეფერენციებიც, თუმცა დეპუტატის თქმით, კანონის მიღებით მიღებული სარგებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე საბიუჯეტო დანაკარგი.

„განაცხადის ატვირთვა როცა ხდება და მოსაკრებელი არის დაახლოებით 20 ლარი. ბიზნესს დეკლარირებისთვის საჭირო მოსაკრებელი აღარ ექნება გადასახადი და ბიუჯეტი დაკარგავს ამ შემოსავალს. წარდგენილი დეკლარაციების რაოდენობის მიხედვით, ეს თანხა არის არაუმეტეს 0,5 მლნ ლარისა, შესაბამისად წლის განმავლობაში ეს თანხა იქნება მაქსიმალური დანაკარგი, რაც ბიუჯეტს კონკრეტულად დეკლარირებებიდან მიადგება.

გარდა ამისა, თბილისის შემთხვევაში,  "თბილსერვის ჯგუფი ემსახურება სურსათის ნაგავსაყრელზე გატანის მიზნობრიობით სავაჭრო ობიექტებს. ერთი ტონა სურსათის გატანა, დაახლოებით ღირდა 35 ლარი და "თბილსერვის ჯგუფი" ამ შემოსავალს დაკარგავს“,-განმარტავს წილოსანი.

საკანონმდებლო ცვლილებებით ძირითადად მოწყვლადი ჯგუფები, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მოსახლეობა ისარგებლებს, თუმცა როგორც კანონპროექტის ავტორი განმარტავს, სურსათზე წვდომა ნებისმიერი მსურველისთვის იქნება შესაძლებელი. ცვლილებები ამ ეტაპზე პარლამენტის კომიტეტებში პირველ მოსმენას გადის. მისი ამოქმედება 2025 წლიდან არის გაწერილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები