მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქვეყანაში ცოცხალი საქონლის დეფიციტია, ექსპორტზე შეზღუდვები უნდა დაწესდეს - ფერმერი

ძროხა

ქართულ ბაზარზე ნედლი ხორცის დეფიციტია, რასაც ფერმერების ნაწილი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ პროგნოზირებდა.

ფერმერი გურამ მანგოშვილი, რომელსაც 60 სული საქონელი ჰყავს, ამბობს, რომ თუ საქონლის ექსპორტის მიმართულებით შეზღუდვები არ დაწესდება, ბაზარზე ნედლი ხორცის დეფიციტი კიდევ უფრო გამწვავდება, საქართველო კი სრულად იმპორტდამოკიდებული გახდება.

“მთავარი პრობლემა ის არის, რომ საქართველოში ცოცხალი საქონლის დეფიციტია, საქონელი საერთოდ გამოიფიტა, საერთოდ აღარ არის, გლეხს აღარ ჰყავს. თუ ჰყავთ, მხოლოდ აზერბაიჯანელებს, ქართველებს აღარ. მეორე პრობლემა არის ის, რომ საქონელი გადის დიდი რაოდენობით აზერბაიჯანში, ირანში, ერაყში, არაბეთში, შესაბამისად, ეს ქმნის დეფიციტს.

იმდენს იხდიან ცოცხალი საქონელში სხვა ქვეყნები, რომ ადგილობრივ ბაზარზე აღარ რჩება იმდენი საქონელი, რომ ყასაბმა დაკლას და ბაზარს მიაწოდოს.

ყოველდღე გადის ალბათ 500, 600, 1000 სული საქონელი. არ უნდა გადიოდეს ამდენი საქონელი საზღვარგარეთ, შეზღუდვა უნდა დაწესდეს. ძირითადი მოთხოვნა უცხოეთიდან მცირე წონებზეა, აქ უნდა არსებობდეს რაღაც ზღვარი. ფაქტობრივად საქონელი, პირუტყვი, გაზრდას ვეღარ ასწრებს, რომ სახორცემდე მიიყვანონ. შესაბამისად, ზღვარი უნდა დაწესდეს. რომ ვთქვათ, პატარა საქონელი არ გავიდეს ექსპორტზე და ჩვენთან გაიზარდონ საქართველოში.

ჩვენთან ერთი კილო ხორცის ფასი უკვე 34 ლარია, ახალი წლის პერიოდში მინიმუმ 50 ლარი იქნება. გლეხმა როგორ უნდა გაყიდოს და ხალხმა როგორ უნდა იყიდოს, არ ვიცი, ძალიან ცუდი მდგომარეობაა.” - ამბობს ფერმერი გურამ მანგოშვილი.

ცნობისთვის, 1 აპრილიდან ნებისმიერი წონის საქონლის ექსპორტი ისევ დაშვებულია, არადა 2019 წლის დასაწყისიდან მოქმედებდა რეგულაცია, რომლის მიხედვით 160 კგ-მდე მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი აკრძალული იყო. მაშინ აკრძალვის მიზეზად სოფლის მეურნეობის სამინისტროში ასახელებდნენ, რომ ხბოს ასაკში ნაკლები პირუტყვი გავიდოდა ექსპორტზე, განვითარდება უშუალოდ საქონლის ბაზა და ადგილზე ხორცის წარმოება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები