მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქვეყანაში თუ სიტუაცია არ დალაგდა, ავტოიმპორტზე საუბარი ზედმეტია" - ალექსი ნონიაძე

ალექსი

"2024 ავტოდილერებისთვის საკმაოდ რთული წელიწადი იყო" - ამის შესახებ BMG-სთან ავტოიმპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებელი, ალექსი ნონიაძე საუბრობს. მისი თქმით, სექტორში 2023 წელს დაწყებულმა პროცესებმა გავლენა გასული წლის შედეგებზე იქონია.

"იმისთვის, რომ გავიგოთ, 2024 წელი როგორი იყო, 2023 წლიდან უნდა დავიწყოთ. ვიცით, რომ 2023 წელი პროფიციტული იყო, ამან გავლენა იქონია ბაზარზე, იმპორტი შემცირდა. ჩვენდა სამწუხაროდ, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი შემცირებული იყო და 60 000 ავტომობილიდან 30 000-40 000 ავტომობილი ამოიყიდა, მაგრამ ჭარბი რაოდენობა მაინც დარჩა, რამაც ბაზარზე დიდი გავლენა იქონია.

საკმაოდ რთული იყო ავტოდილერებისთვის 2024 წელიწადი, ვისაც მოგება დარჩა, მცირე მოგებით დაამთავრეს წელი, ხოლო ვინც ნულოვან მოგებაზე გავიდა, არ იზარალეს, მაგრამ მაინც რთულია. თავად კომპანიების განცხადებით, მათ ქვეყანაში მიმდინარე კრიზისი ჯერ არ შეხებიათ და ფუნქციონირებას აგრძელებენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ადრე თუ გვიან, თავის ასახვას მთლიანად ბიზნესზე პოვებს", - ამბობს ალექსი ნონიაძე.

2025 წლის გეგმებზე საუბრისას, ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სექტორს უკეთესი წლის იმედი აქვს, თუმცა ამას პოლიტიკური პროცესებით ხელშეწყობა სჭირდება.

"იმედი ვიქონიოთ, რომ 2025 წელი უკეთესი იქნება. იმედის მეტი არაფერი დაგვრჩენია, რადგან მკვეთრი ნაბიჯები სახელმწიფო პოლიტიკის თვალსაზრისით, ჩვენი მიმართულებით არ გადადგმულა, მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა კონტაქტი წლის განმავლობაში ხელისუფლებასთან და დახმარება ვთხოვეთ. მოგეხსენებათ, რომ საკმაოდ დიდ კონკურენციას გვიწევენ ყირგიზი და ყაზახი ავტოდილერები, მაგრამ მათგან [სახელმწიფოსგან] პასუხი იყო, რომ ბიზნესმა თავისი თავი უნდა დაარეგულიროს. თუმცა არსებობს პრიორიტეტული დარგები და თუ დარგი პრიორიტეტულია, გარკვეულ დახმარებას ბიზნესი პოულობს, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში", - ამბობს ალექსი ნონიაძე.

ავტოიმპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებელი ასევე აღნიშნავს, რომ კერძო კომპანიებისგან განსხვავებით, ასოციაცია 2025 წლისთვის გეგმას ჯერ ვერ შეიმუშავებს, რადგან, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო, პროგნოზების გაკეთება რთულია:

"ქვეყანაში თუ სიტუაცია არ დალაგდა, ავტოიმპორტზე საუბარი ზედმეტია, ჯერ სახელმწიფოზეა საუბარი. როგორც კი სახელმწიფოზე მოვრჩებით საუბარს და დალაგდება ქვეყანაში ყველაფერი, მერე შეგვიძლია ავტოიმპორტზე ვისაუბროთ და რაღაც გეგმები შეიმუშაოს ასოციაციამ".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები