მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქვეყანაში უფრო მეტი ტურისტი გვჭირდება, ვიდრე 2019 წელს იყო“- ერეკლე კოკაია

inn ჯგუფი

"ინნ ჯგუფის" სასტუმროების აღმასრულებელი დირექტორი, ერეკლე კოკაია BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ გასული წლის ტურისტულ სეზონს აჯამებს.

მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ გასულ წელს ტურისტული ნაკადების ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა, ტურისტების რაოდენობა პანდემიამდელ ნიშნულს 2023 წელსაც ვერ დაუბრუნდა.

„სტატისტიკა სწორია, მაგრამ მთავარია სწორად შეგვეძლოს წაკითხვა, რადგან, საქართველოში, ყველა, ვინც შემოდის ტურისტი არ არის. ქვეყანაში 24 საათიც რომ დაყოს, არ ნიშნავს, რომ ის ტურისტული პროდუქტებით ისარგებლებს. რუსეთი ერთ-ერთი კარგი მაგალითია იმისა, თუ რატომ არ აჩვენებს ეს სტატისტიკა ბოლომდე რეალობას. რუსეთიდან შემოსული ყველა ადამიანი არ არის ტურისტი. მაგალითად, ჩვენს სასტუმროებში, 2-3%-ც არ არის რუსი.

გასულ წელს, კერძო სექტორი უკმაყოფილო იყო, რადგან სექტორში სასტუმროების რაოდენობა გაზრდილია, რაც ნიშნავს იმას, რომ მეტი ტურისტია საჭირო, ვიდრე 2019 წელს.

გარდა ამისა, ტურისტულ ობიექტებს 2019 წელთან შედარებით, ხარჯები მნიშვნელოვნად აქვთ გაზრდილი. სამაგიეროდ, უფრო შემცირებულია სასტუმროების ფასები, ანუ ჰორეკა სექტორის, ტურისტული სექტორის მოგებიანობა შემცირებულია,“-აცხადებს კოკაია.

მისივე ცნობით, ქვეყანაში ევროპელი ტურისტების ნაკლებობა შეინიშნება. ძირითადად, ინდივიდუალური ტურები უფროა გააქტიურებული, ვიდრე ჯგუფური ტურები. ამ გამოწვევის აღმოსაფხვრელად კი სწორი მარკეტინგული სტრატეგიაა საჭირო.

„მახსოვს ძალიან ბევრი გერმანელი ტურისტი ჩამოვიდა ქვეყანაში, თუმცა მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. თურქეთი ევროპისთვის იგივე რეგიონია, რაც საქართველო, მაგრამ თურქეთში ევროპელი ტურისტების ზრდა იყო, ხოლო საქართველოში, კლება. ანუ, მათ უფრო სწორად გააკეთეს რაღაც.

ჩემი ინფორმაციით, ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ თურქეთში ფრენა უფრო იაფი ღირს, ხოლო სერვისი უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში. ამიტომ, ევროპის მიმართულებით ცოტა მეტი სამუშაოა საჭირო და ჩვენი ბაზარი უფრო დივერსიფიცირებული უნდა იყოს,“- განაცხადა "ინნ ჯგუფის" სასტუმროების აღმასრულებელმა დირექტორმა.

მისი განმარტებით, ის, რომ ქვეყანაში ბევრი რუსი ტურისტია და ევროპელი სტუმრები ქვეყანაში სტუმრობისგან ამიტომ იკავებენ თავს, ეს რეალობას არ შეესაბამება. მაგალითისთვის, ანტალია რუსი ტურისტებითაა დატვირთული, თუმცა თურქეთმა მაღალი ტურისტული აქტივობა აჩვენა.

კოკაიას ვარაუდობს, რომ 2024 წლის მონაცემები, 2019 წლის სტატისტიკას დაეწევა. გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში კი, უფრო მეტი ჩინელი სტუმრის ვიზიტია მოსალოდნელი.

ინფორმაციისთვის, 2023 წელს საქართველოში 7.1 მლნ საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაური შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.3%-ით მეტია. აქედან, საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 4.7 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 27.8 %-ით მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები