მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანაში უმუშევრობის დონე 16.1%-მდე შემცირდა - საქსტატი

63f32b457d939
ვიქტორია მღებრიშვილი
20.02.23 12:11
869
2022 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.1% შეადგინა.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული სამუშაო ძალის IV კვარტლის მაჩვენებლების მიხედვით, 2022 წლის ოქტომბერ-დეკემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა 42.9 ათასი კაცით (5.1%) გაიზარდა და 884.1 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 18.0 ათასით (4.5%), 420.4 ათასამდე გაიზარდა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 42.3 ათასით (14.5%) შემცირდა და 249.5 ათასი შეადგინა.

IV კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 52.7%-ით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 2.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 44.2% შეადგინა.

დასახლებების ტიპის მიხედვით, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.3 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში კი - 1.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 3.0 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, სოფლის ტიპის დასახლებებში კი - 2.3 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 45.8%-ს და 42.1%-ს შეადგენს.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის IV კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 67.8% შეადგინა.

ამავე პერიოდში უმუშევრობის დონე როგორც საქალაქო ისე სასოფლო ტიპის დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შესაბამისად 3.7 და 1.9 პროცენტული პუნქტით შემცირებულია,.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2022 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 3.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 2.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2022 წლის IV კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 42.7%-ს, ხოლო კაცებში 64%-ს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში 1.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 0.9 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი.

საქსტატის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, როგორც ქალებში, ასევე კაცებში დასაქმების დონე შესაბამისად 2.9 და 2.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები