მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნები, რომელთაც ყველაზე გრძელი ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზი აქვთ

მატარებელი

ჩქაროსნული მატარებელი მსოფლიოში სწრაფი და კომფორტული გადაადგილების ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა, რომელიც არა მხოლოდ მგზავრობის დროს ამცირებს, არამედ ხელს უწყობს გლობალური ეკონომიკის ზრდას, მწვანე ტექნოლოგიების დანერგვასა და სატრანსპორტო ინდუსტრიაში ინოვაციების დანერგვას.

თუმცა გამართული სარკინიგზო მომსახურებისთვის მხოლოდ ჩქაროსნული მატარებლები საკმარისი არაა, თუ განვითარების ამ ტემპს სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ვერ დაეწია. ზოგიერთი ქვეყნის ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზი გაცილებით უფრო გამართულია, ვიდრე სხვების. მაგალითად, თუ დანიაში სწრაფმავალი სარკინიგზო ქსელის სიგრძე სულ რაღაც 56 კილომეტრია, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ის ათას კილომეტრს აღემატება, ჩინეთში კი - რამდენიმე ათეულ ათასს.

5. გერმანია - 1571 კმ

რკინიგზის საერთაშორისო კავშირის ბოლო მონაცემების თანახმად, TOP-5 ქვეყანას შორის, სადაც ყველაზე გრძელი ჩქაროსნული სარკინიგზო ქსელია გაყვანილი, მეხუთე ადგილს გერმანია იკავებს. ჩქაროსნული რკინიგზის ხაზის სიგრძე აქ 1571 კილომეტრია. ამ შედეგის მისაღწევად გერმანიამ წლების განმავლობაში განაახლა არსებული სარკინიგზო ხაზები და ააშენა ახლები - თითოეულზე დაშვებული მაქსიმალური სიჩქარე 300 კმ/სთ-ს აღემატება. რამდენიმე პროექტის მშენებლობა გერმანიაში ამ დრომდე მიმდინარეობს.

4. საფრანგეთი - 2735 კმ

მეოთხე ადგილს 2735 კმ-იანი ქსელით საფრანგეთი იკავებს, სადაც ჩქაროსნული რკინიგზის ხაზი პირველად 1981 წელს გაიხსნა და პარიზი ლიონთან დააკავშირა. ისევე როგორც გერმანიაში, საფრანგეთში ახალი ხაზების მშენებლობა უკვე დაწყებული ან დაგეგმილია.

3. იაპონია - 3081 კმ

იაპონია, რომლის ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზის სიგრძეც 3081 კილომეტრია, რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს. სწრაფმავალი რკინიგზის მიზანი იაპონიაში თავდაპირველად შორეული რეგიონების ტოკიოსთან დაკავშირება იყო, რასაც ამ რეგიონების ეკონომიკური ზრდისთვის უნდა შეეწყო ხელი. დღესდღეობით, ტოკიოს, ნაგიოსა და ოსაკას დამაკავშირებელი ჩქაროსნული ხაზი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთულ სარკინიგზო მარშრუტად ითვლება.

2. ესპანეთი - 3661 კმ

მეორე პოზიციაზე კვლავ ევროპული ქვეყანა, ესპანეთი ხვდება, სადაც ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზი 3661 კილომეტრია. სარკინიგზო ქსელი ქვეყანაში პირველად 1992 წელს გაიხსნა და ის მადრიდს, სევილესა და კორდობას აკავშირებდა ერთმანეთთან. ამჟამად ესპანეთის ჩქაროსნული ხაზი ევროპაში ყველაზე გრძელია, დაშვებული მაქსიმალური სიჩქარე კი 300 კმ/სთ-ს აღემატება.

1. ჩინეთი - 40474 კმ

ჩქაროსნული სარკინიგზო ქსელების უპირობო ლიდერი, რა თქმა უნდა, ჩინეთია, სადაც რკინიგზის ხაზი 40 474 კილომეტრს აღწევს. მსოფლიოში მოქმედი ჩქაროსნული ხაზების ⅔ სწორედ ჩინეთშია აშენებული, რომლის ძირითადი ნაწილიც ახალი აშენებული და თანამედროვეა. ჩქაროსნულ მატარებლებს ჩინეთის ქსელში 250-დან 350 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარება შეუძლიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები