მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტ გეოთერმულ ენერგიას აწარმოებენ

გეოთერმული ენერგია

ხელოვნური ინტელექტი, ოფშორული წარმოების სამშობლოში დაბრუნება (ე.წ. "reshoring") და ელექტრიფიკაცია მსოფლიოში ენერგიაზე მოთხოვნას ზრდის. ამან გეოთერმული ენერგიის მიმართ ინტერესიც გააღვივა - ეს არის განახლებადი ენერგიის წყარო, რომელსაც 24-საათიან რეჟიმში შეუძლია მუშაობა.

მზის ან ქარის ენერგიისგან განსხვავებით, გეოთერმული სადგურები ელექტროენერგიას დედამიწის ზედაპირის ქვეშ არსებული სითბოს გამოყენებით გამოიმუშავებენ, რაც მათ მუდმივად ხელმისაწვდომი, სუფთა ენერგიის საიმედო წყაროდ აქცევს.

Visual Capitalist-ის ვიზუალიზაცია, რომელიც Global Energy Monitor-ის მონაცემებს ეყრდნობა, აფასებს ქვეყნებს დადგმული გეოთერმული ენერგიის სიმძლავრის მიხედვით და აჩვენებს, თუ სად არის დღეს ყველაზე მეტად განვითარებული ეს მიწისქვეშა ენერგორესურსი.

ძირითადი მიგნებები:

  • აშშ გეოთერმული ენერგიის ყველაზე დიდი მწარმოებელია გლობალურად - 3,734 მეგავატი (MW) დადგმული სიმძლავრით;
  • ინდონეზია და ფილიპინები მეორე და მესამე ადგილებს იკავებენ, რაც აზიის ძლიერ გეოთერმულ რესურსებზე მიუთითებს;
  • წამყვანი გეოთერმული მწარმოებლების უმეტესობა ვულკანური და ტექტონიკური ზონების გასწვრივ, განსაკუთრებით წყნარი ოკეანის "ცეცხლოვანი რკალის" (Ring of Fire) გარშემო მდებარეობს.

გეოთერმული ენერგია ქვეყნების მიხედვით - TOP 15

1. ამერიკის შეერთებული შტატები - 3,734 მგვტ
2. ინდონეზია - 2,432 მგვტ
3. ფილიპინები - 1,937 მგვტ
4. თურქეთი - 1,726 მგვტ
5. ახალი ზელანდია - 1,377 მგვტ
6. მექსიკა - 941 მგვტ
7. იტალია - 834 მგვტ
8. კენია - 817 მგვტ
9. ისლანდია - 779 მგვტ
10. იაპონია - 618 მგვტ
11. კოსტა-რიკა - 253 მგვტ
12. ელ-სალვადორი - 211 მგვტ
13. ნიკარაგუა - 159 მგვტ
14. ჩილე - 81 მგვტ
15. რუსეთი - 50 მგვტ

აშშ გეოთერმული ენერგიის წარმოებაში რიგით მეორე უმსხვილეს მწარმოებელს 1,300 მეგავატით უსწრებს.

თუმცა, როგორც რეგიონი, აზია წარმოებაში პირველ ადგილზეა. მართალია, ინდონეზია და ფილიპინები ცალ-ცალკე მეორე და მესამე ადგილებზე არიან (შესაბამისად, 2,432 და 1,937 მეგავატით), თუმცა ჯამურად ისინი აშშ-ს აღემატებიან. მათი მდებარეობა "ცეცხლოვან რკალზე", სადაც სამი ტექტონიკური ფილა ეჯახება ერთმანეთს და ვულკანურ აქტივობას იწვევს, ნიშნავს, რომ მათ უზარმაზარი გეოთერმული პოტენციალი აქვთ.

ამერიკის კონტინენტებიც ფლობენ დიდ გეოთერმულ რესურსებს, თუმცა ბევრი ველი ჯერ კიდევ აუთვისებელია. ზოგიერთმა ქვეყანამ თავისი რესურსები უფრო სწრაფად განავითარა - მაგალითად, მექსიკა გლობალურად მეექვსე ადგილზეა 941 მგვტ სიმძლავრით.

იტალია - გეოთერმული ენერგიის სამშობლო, და ისლანდია ევროპის უდიდესი მწარმოებლები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ევროპა განახლებად ენერგიებში ზოგადად ლიდერობს, გეოთერმული ენერგია ფიზიკურად მხოლოდ ამ რამდენიმე ვულკანური ქვეყნით შემოიფარგლება.

ისლანდიას თავის მოსახლეობასთან მიმართებით დიდი სიმძლავრე აქვს და გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული გეოთერმული ინდუსტრია გააჩნია. ეს ენერგია ქვეყანაში არსებული სახლების დაახლოებით 85%-ს ათბობს.

კენია ერთადერთი აფრიკული ქვეყანაა სიაში, 817 მეგავატი დადგმული სიმძლავრით. ე.წ. "დიდი რიფტული ხეობის" - კონტინენტის რამდენიმე ქვეყანაზე გადაჭიმული ტექტონიკური თხრილის - გეოთერმული პოტენციალის ათვისების სურვილი ბოლო წლებში გაიზარდა, თუმცა ინდუსტრია ჯერ კიდევ ახალგაზრდაა.

მთლიანობაში, გეოთერმული ენერგია გლობალური ელექტროენერგიის მოთხოვნის მხოლოდ 1%-ს შეადგენს, მაგრამ ტექნოლოგიური პროგრესის წყალობით სულ უფრო მეტი ლოკაცია ხდება გამოსადეგი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები