მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნები, სადაც ყველაზე სწრაფი/ნელი მობილური ინტერნეტი აქვთ - სად არის საქართველო?

649d2e3cacacb
გიორგი არონია
29.06.23 11:52
7205

ინტერნეტის შექმნასთან ერთად, მსოფლიოს მრავალმხრივი პროგრესი დაჩქარდა, ხოლო ადამიანებს შორის კომუნიკაცია - გამარტივდა. ამასთან, ინტერნეტი ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა - ჩვენ მას სამსახურისთვის, სასწავლებლად და გასართობად ვიყენებთ, ხოლო ანტრეპრენიორებმა ის ინდუსტრიად გარდაქმნეს და ისეთი პროდუქტები შექმნეს, რომელთა გარეშე ცხოვრება, დღეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია. არსებობს მოსაზრება, რომ ინტერნეტი ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური საჭიროებაცაა, რომელზეც ხელი ყველას უნდა მიუწვდებოდეს.

თუკი დღეს, ინტერნეტი დედამიწის ბევრ წერტილში არის ხელმისაწვდომი, რეალურად, მას მსოფლიოს მხოლოდ ორი მესამედი იყენებს. Statista-ს 2023 წლის აპრილის მონაცემებით, ინტერნეტის პენეტრაციის გლობალური მაჩვენებელი 64.6%-ს შეადგენს - გამოდის, რომ ინტერნეტთან წვდომა 5.18 მილიარდ ადამიანს აქვს, ანუ ყოველი სამი ადამიანიდან, ორს.

ამასთან, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გარდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინტერნეტის სიჩქარე, რადგან მსოფლიოს ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, ინტერნეტთან წვდომა დიდად არაფერს ნიშნავს, თუ მან ადამიანის ეფექტიანობა არ გაზარდა. ინტერნეტის სიჩქარის მაჩვენებლით მსოფლიოში მეტად უთანასწორო მდგომარეობაა.

Speedtest Global Index-ის მონაცემებით, მობილური ინტერნეტი მსოფლიოს 140 ქვეყანაში არის ხელმისაწვდომი, რომელთა შორის პირველ ადგილს არაბთა გაერთიანებული საამიროები იკავებს, ბოლო ადგილს კი - სუდანი. თუ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მობილური ინტერნეტის სიჩქარე 181.79 მბ/წმ-ია, სუდანში ის მხოლოდ და მხოლოდ 1.22 მბ/წმ-ია, ანუ 149-ჯერ ნაკლები. მობილური ინტერნეტის გლობალური საშუალო კი, 42.30 მბ/წმ-ია.

განსხვავებული მდგომარეობაა ფიქსირებული ინტერნეტის კუთხით, რომელიც მსოფლიოს 181 ქვეყანაში არის ხელმისაწვდომი. ამ მხრივ, გლობალური საშუალო უფრო მაღალია და 79.28 მბ/წმ-ში შეადგენს. ამ მხრივ, მსოფლიოს უდავო ლიდერი სინგაპურია, ხოლო ბოლო ადგილს კუბა იკავებს. თუ სინგაპურში ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე 241.35 მბ/წმ-ია, კუბაზე ის მხოლოდ 1.93 მბ/წმ-ია, რაც 125-ჯერ ნაკლებია.

იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც მობილური ინტერნეტი ყველაზე სწრაფია, შემდეგნაირად გამოიყურება: 



არაბთა გაერთიანებული საამიროები - 181.79 მბ/წმ
კატარი - 164.86 მბ/წმ
ნორვეგია - 146.15 მბ/წმ
ქუვეითი - 136.75 მბ/წმ
დანია - 127.13 მბ/წმ
მაკაო - 123.15 მბ/წმ
სამხრეთ კორეა - 114.66 მბ/წმ
ჩინეთი - 110.39 მბ/წმ
ნიდერლანდები - 106.12 მბ/წმ
შვედეთი - 98.58 მბ/წმ

იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც მობილური ინტერნეტი ყველაზე ნელია, შემდეგნაირად გამოიყურება:

სუდანი - 1.22 მბ/წმ
ავღანეთი - 4.3 მბ/წმ
კუბა - 4.35 მბ/წმ
იემენი - 6.61 მბ/წმ
ჰაიტი - 7.5 მბ/წმ
ვენესუელა - 7.91 მბ/წმ
ბოლივია - 8.18 მბ/წმ
ტაჯიკეთი - 9.48 მბ/წმ
სომალია - 9.65 მბ/წმ
კამერუნი - 10.38 მბ/წმ

რაც შეეხება საქართველოს, Speedtest Global Index-ის მონაცემებით, საქართველოში მობილური ინტერნეტის სიჩქარე 31.56 მბ/წმ-ში შეადგენს, რაც გლობალურ საშუალოს 10.74 მბ/წმ-ით ჩამორჩება. ამავე წყაროს მიხედვით, მობილური ინტერნეტის დაახლოებით ასეთივე სიჩქარე ფიქსირდება მავრიკსა (31.87 მბ/წმ) და ლიბანში (31.53 მბ/წმ). ამ მაჩვენებლით, საქართველო ისეთ სახელმწიფოებს უსწრებს, როგორიცაა მოლდოვა, ისრაელი, უკრაინა და ყაზახეთი.

მობილური ინტერნეტის სიჩქარის მიხედვით ჩვენი რეგიონის ქვეყნების რეიტინგი, შემდეგნაირად გამოიყურება:

აზერბაიჯანი - 40.97 მბ/წმ
თურქეთი - 34.17 მბ/წმ
საქართველო - 31.56 მბ/წმ
რუსეთი - 25.36 მბ/წმ
სომხეთი - 24.74 მბ/წმ

მობილური ინტერნეტის სისწრაფის გლობალურ რეიტინგში, საქართველო 140-დან 68-ე ადგილს (45.5 პროცენტი) იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები