მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნები, სადაც მთავრობა ათწლეულებია არ შეცვლილა

პუტინი

ქვეყნებს შორის, სადაც მთავრობა ათწლეულებია არ შეცვლილა რუსეთი ერთ-ერთი მოწინავეა. ქვეყანას უკვე 25 წელია, ვლადიმირ პუტინი და მისი მთავრობა მართავს.

1999 წლის 9 აგვისტოს, რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ბორის ელცინმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ფართო საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობი ვლადიმირ პუტინი წარადგინა. იმ დღიდან მოყოლებული, რუსეთში პუტინის ერთპიროვნული მმართველობა გრძელდება.

2000 წლის ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინმა ხმათა 52%-ით მოიპოვა. ეს აღმოჩნდა, პუტინის ყველაზე დაბალი შედეგი შემდეგი 5 საპრეზიდენტო არჩევნების განმავლობაში.

რუსეთის კონსტიტუციით, 1991-დან 2020 წლამდე პრეზიდენტად კენჭისყრა ნებადართული იყო ზედიზედ მხოლოდ ორი ოთხწლიანი ვადით. პუტინის პირველი ორი ვადა მოიცავდა 2000-2008 წლების პერიოდს. 2008 წლის საკონსტიტუციო ცვლილებით, 2012 წლიდან არჩეული პრეზიდენტების უფლებამოსილების ვადა ექვს წლამდე გაიზარდა. ვლადიმირ პუტინი პირველი ექვსი წლის ვადით რუსეთის პრეზიდენტი გახდა 2012 წელს, მეორედ კი - 2018 წელს.

2020 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადები „განულდა“, რის საფუძველზეც, პუტინს კენჭისყრის შესაძლებლობა მიეცა კიდევ ორი ვადით - 2024 და 2030 წლებში.

რაც შეეხება ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებს, 2024 წლის მარტში ჩატარებულ არჩევნებში რეკორდულად მაღალი დასწრება დაფიქსირდა. მასში პუტინთან ერთად, დუმის კომუნისტი დეპუტატი ნიკოლაი ხარიტონოვი, „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ლეონიდ სლუცკი და დუმის ვიცე-სპიკერი პარტიიდან „ახალი ხალხი“ ვლადისლავ დავანკოვი მონაწილეობდნენ.

რუსეთის რიგით მერვე საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება კვლავ ვლადიმერ პუტინმა, ხმათა 87,32%-ით მოიპოვა.

მეზობელი რუსეთიდან გადავინაცვლოთ, მეზობელ აზერბაიჯანში. აზერბაიჯანში მთავრობა და პრეზიდენტი 21 წელია არ შეცვლილა. ილჰამ ალიევი ქვეყანას 2003 წლიდან მართავს, როდესაც მან ძალაუფლება მამისგან, ჰეიდარ ალიევისგან გადაიბარა. ალიევმა 2008 წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 89% მიიღო.

მომდევნო ორ არჩევნებში, 2013 და 2018 წლებში, მისმა მხარდაჭერამ შედარებით დაბალი მაჩვენებელი, - 85% და 86% დააფიქსირა. ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები, ალიევის გადაწყვეტილებით ვადამდე ადრე, 2024 წლის 7 თებერვალს ჩატარდა, სადაც ხმათა უმრავლესობით, დაახლოებით 90%-ით თავადვე გაიმარჯვა. ალიევი თანამდებობაზე სულ მცირე, მორიგი შვიდი წლით დარჩება. წელს ჩატარდა აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნებიც, სადაც უმრავლესობა აზერბაიჯანის საპრეზიდენტო პარტიამ „ახალმა აზერბაიჯანმა“ მოიპოვა.

ჩამონათვალში უნდა ვახსენოთ ბელარუსიც, სადაც ქვეყანას უკვე 30 წელია უცვლელი პრეზიდენტი მართავს. ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსის მართვა 1994 წელს ჩაიბარა. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში 1995 წლიდან ეუთოს მიერ არცერთი არჩევნები არ ყოფილა აღიარებული, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. მიმდინარე თვეში ცნობილი გახდა, რომ ბელარუსის პარლამენტარებმა 26 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნეს, რომელიც პირველი კენჭისყრა იქნება, მას შემდეგ, რაც 2020 წლის არჩევნებს მასობრივი მღელვარება მოჰყვა. ხალხის აღშფოთება არჩევნებში კვლავ ლუკაშენკოს გამარჯვებამ გამოიწვია. ოპოზიცია და დასავლეთის ქვეყნების მთავრობები არჩევნებს გაყალბებულად აცხადებდნენ. 2020 წლის არჩევნების შედეგებს და ქვეყნის ავტორიტარ ლიდერს - ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ ცნობს აშშ და ევროკავშირი.

იმ ქვეყნებს შორის, სადაც მრავალი წლის განმავლობაში ძალაუფლებას ერთი პარტია ინარჩუნებს, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ჩრდილოეთ კორეა - სახელმწიფო, რომელსაც კიმის საოჯახო დინასტია ჯერ კიდევ 1948 წლიდან მართავს. მას შემდეგ, ქვეყნის მართვის სადავეები კიმის დინასტიის სამმა წარმომადგენელმა გადაიბარა, ხოლო კიმ ჩენ ინი, რომელიც ჩრდილოეთ კორეას ახლა მართავს, ძალაუფლებას 2011 წლიდან ინარჩუნებს. ჩინეთისგან განსხვავებით, სადაც ასევე კომუნისტური წყობაა, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება ერთი კონკრეტული ოჯახის ერთ კონკრეტულ შტოს ეკუთვნის, რომელიც, დღეს ქვეყანაში ხელისუფლების ყველა რგოლს აერთიანებს, იქნება ეს აღმასრულებელი, საკანონმდებლო თუ სასამართლო. ამასთან, ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სანქცირებული და ეკონომიკურად დახურული სახელმწიფოა. ქვეყნის ეკონომიკა სრულად სახელმწიფოზეა დამოკიდებული.

მრავალწლიანი შეუცვლელი მმართველობაა თურქმენეთშიც. პოსტსაბჭოთა ქვეყანაში კონკურენტულად და სამართლიანად შეფასებული არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა. ქვეყანას პრეზიდენტი - გურბანგული ბედრიმუჰამედოვი 2006 წლიდან 2022 წლამდე მართავდა, თანამდებობა კი სულ რაღაც ორი წლის წინ, შვილს - სერდარ ბერდიმუჰამედოვს გადაულოცა.

საპრეზიდენტო არჩევნებში, 7 წლის ვადით არჩეულმა მმართველმა - ხმების 73% მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ სერდარის მამამ, ანუ ყოფილმა პრეზიდენტმა - თურქმენეთის პარლამენტის უმაღლესი პალატის თავმჯდომარის პოსტზე გადაინაცვლა. ის ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი ქვეყანაა, მისი დემოკრატიის ინდექსი კი ჩრდილოეთ კორეის მონაცემებს უტოლდება. თურქმენეთში ტოტალური კონტროლია, ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი მედია და პოლიტიკური პარტიები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები