მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბევრი ქვეყანა შობადობის შემცირების წინაშე დგას, მსოფლიოს ზოგიერთი ნაწილი საპირისპიროს - მოსახლეობის სწრაფ ზრდას განიცდის. ამ ქვეყნებს, ძირითადად აფრიკასა და აზიის ნაწილებში, მსოფლიოში შობადობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ.
იმის განხილვა, თუ სად და რატომ არის შობადობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი ან დაბალი, გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ იცვლება მოსახლეობა და რა გამოწვევებისა და შესაძლებლობების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ ეს სწრაფად მზარდი ერები მომდევნო წლებში.
Statista-ს თანახმად, 2024 წელს შობადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 1 000 მოსახლეზე 46.6 - ნიგერს ჰქონდა. ათეული კი ასე გამოიყურება:
- ნიგერი - 46.6
- ანგოლა - 41.1
- ბენინი - 40.3
- მალი - 40
- უგანდა - 39.6
- კონგოს დრ - 39.2
- ჩადი - 39.2
- სომალი - 37.4
- მოზამბიკი - 36.5
- სამხრეთ სუდანი - 36.4
სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნებში მაღალი შობადობის არაერთი მიზეზი არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ისაა, რომ ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა კონტინენტზე, სტაბილური კლების მიუხედავად, მაინც მაღალ ნიშნულზეა. ეს, სიკვდილიანობის მაჩვენებლის საპასუხოდ, შობადობის ზრდას იწვევს. გარდა ამისა, სუბსაჰარის აფრიკის ბევრი ერი მცირე მასშტაბის მეურნეობაზეა დამოკიდებული, შესაბამისად, რეგიონში დამხმარე ხელის რაოდენობა მნიშვნელოვანია. ამასთან, რეგიონში მრავალი შვილის ყოლა ხშირად სტატუსის სიმბოლოდ აღიქმება.
Statista ქვეყნების რეიტინგს შობადობის, უფრო ზუსტად კი ნაყოფიერების ყველაზე დაბალი მაჩვენებლების მიხედვითაც აქვეყნებს. ნაყოფიერების მაჩვენებელი ითვლება ქვეყანაში რეპროდუქციული ასაკის, ძირითადად, 15-დან 45 წლამდე თითოეულ ქალზე დაბადებული ბავშვების საშუალო რაოდენობით.
განვითარებად ქვეყნებში, როგორც წესი, შობადობის უფრო მაღალი მაჩვენებელია ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებსა და კონტრაცეფციაზე წვდომის არარსებობის და იმის გამო, რომ ქალები, როგორც წესი, უარს ამბობენ უმაღლეს განათლებაზე, ან საერთოდ ნებისმიერ განათლებაზე, საოჯახო საქმეებზე ზრუნვის სასარგებლოდ.
2024 წელს შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, ერთ ქალზე 1.11, ტაივანში დაფიქსირდა, ათეული კი ასე გამოიყურება:
- ტაივანი - 1.11
- სამხრეთ კორეა - 1.12
- სინგაპური - 1.17
- უკრაინა - 1.22
- ჰონგკონგი - 1.24
- მაკაუ - 1.24
- მოლდოვა - 1.26
- პუერტო-რიკო - 1.26
- იტალია - 1.26
- ესპანეთი - 1.3




























