ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი გიორგობიანი მიიჩნევს, რომ საქართველო შრომითი მიგრანტებისთვის საინტერესო ქვეყანაა ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე და საჭიროა, რომ უცხოელთა დასაქმების პროცესიც უფრო ორგანიზებული იყოს.
ამის შესახებ ირაკლი გიორგობიანმა "ანალიტიკას" ეთერში, იმ საკანონმდებლო ცვლილების შეფასებისას ისაუბრა, რომელიც ძალაში 1 მარტიდან შედის და უცხოელთა დასაქმებას ზღუდავს.
"შეფასება რომ გავაკეთოთ, უნდა ვნახოთ როგორ მუშაობს ეს კანონი და რა პროცედურები იქნება, შესაბამისად ბევრი დაზუსტება არის გასაკეთებელი იმ სამინისტროს მიერ, რომელიც უშუალოდ მოახდენს კანონის ადმინისტრირებას. ალბათ, პროცესში გამოჩნდება ნაკლოვანებები და უპირატესობები.
რა თქმა უნდა, ნებისმიერ ინიციატივას საწყისი დრო აქვს და ფაქტია, რომ ეს შრომითი მიგრაციაც უფრო ორგანიზებული უნდა გახდეს. მე ამას ცოტა სხვანაირად ვუყურებ, ეს საკითხი შეიძლება დაახლოებით 3-4 წლის წინ იმდენად პრობლემურად არ იდგა, ახლა კი ფაქტია, რომ ქვეყნის ეკონომიკა იზრდება და, შრომითი მიგრაციის კუთხით, უფრო საინტერესო ბაზარი ხდება მიგრანტებისთვის საქართველო", - ამბობს ასოციაციის ხელმძღვანელი.
როგორც ის აღნიშნავს, "შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში შესული ცვლილება ბაზრის მოთამაშეებსაც დაეხმარებათ, მიიღონ ზუსტი ინფორმაცია იმაზე, თუ რის ხარჯზე იზრდება სხვადასხვა სექტორი.
"მშენებლობაში მნიშვნელოვანი არის პროდუქტიულობა დროში და არა მარტო მშენებლობაში, ზოგადად. ჩვენ თუ ვნახავთ სტატისტიკურ მაჩვენებლებს, დაახლოებით 2020-2024 წლებში მშენებლობის სექტორი თითქმის ორჯერ არის გაზრდილი. ასევე თუ ვნახავთ ამ სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობას, აღმოვაჩენთ, რომ თითქმის არანაირი ზრდა არ არის. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ სექტორში ორჯერ გაიზარდა პროდუქტიულობა? მე მგონია, რომ არა.
შესაბამისად, შეიძლება აქ მიგრაციის წილი იყოს მნიშვნელოვანი და ეს მექანიზმი, ჩემი შეფასებით, ფაქტობრივად უზრუნველყოფს იმას, რომ სახელმწიფოს და სექტორში მოღვაწე ეკონომიკურ აგენტებსაც გვექნება უფრო მეტად ორგანიზებული ინფორმაცია იმაზე, თუ რა როგორ ხდება და რომელ სექტორებში. რა თქმა უნდა, შრომით მიგრაციაში პრობლემას ზოგადად ვერ ვხედავ, იმიტომ რომ ჩვენ ისედაც მცირე ეკონომიკა ვართ და მნიშვნელოვანია სხვა დამატებითი ეფექტურობის მოიტანა - რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გავუშვათ. თუმცა ორგანიზებული რომ იყოს, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ", - ამბობს ირაკლი გიორგობიანი.



























