მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნის ერთიან ენერგოსისტემას პირველად ხუთი მცირე მზის სადგური დაემატება - ეკონომიკის სამინისტრო

მზის სადგური

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ერთიან ენერგეტიკულ ქსელს მზის ხუთ ელექტროსადგურს მიუერთებს, რომელთა ჯამური სიმძლავრე 10 მგვტ-ია. ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა სისტემას მზის სადგური დაემატება.

ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსის ალექსანდრე სოხაძის ინფორმაციით, სახელმწიფო ელექტროსისტემამ პროექტის განსახორციელებლად კახეთის რეგიონში, მის კუთვნილ 5 ქვესადგურში („ჯუგაანი 110“, „ხირსა 110“„ გამარჯვება 110“, „ქისტაური 35“, „ქედი 35“) 6/10 კვ ძაბვის თანამედროვე ტიპის უჯრედების მოწყობა უკვე დაასრულა.

„გლობალური ენერგეტიკული გამოწვევების ფონზე ენერგეტიკული თვითკმარობა და ენერგოდამოუკიდებლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. განახლებადი ენერგიების ოპტიმალური ათვისება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მიმდინარე ჰიდროპროექტების პარალელურად, აქტიურ ფაზაშია ქარისა და მზის ელექტროსადგურების პროექტებიც. საქართველოს მთავრობის აქტიური მხარდაჭერით დასკვნით ეტაპზეა ჯამურად 10 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის პროექტები“, - განაცხადა სოხაძემ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო ელექტროსისტემა აქტიურად მუშაობს მწვანე ენერგიების ქსელთან მიერთებაზე. ამჟამად სამშენებლო ფაზაშია 125 მეგავატი სიმძლავრის ქარის სადგურები (ჯამური ინვესტიციით 195 მლნ დოლარი) რომელთა ეტაპობრივი ამოქმედება მომდევნო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემას.

ასევე დაახლოებით 200 მეგავატზე (ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 240 მლნ. აშშ დოლარი) უკვე დასრულებულია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და პროექტების სამშენებლო ეტაპზე გადაყვანა განიხილება.

რაც შეეხება მზის ელექტროსადგურებს, გარდა ნეტო-სადგურებისა, ამ ეტაპზე დასკვნით ფაზაშია 10 მეგავატამდე სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობა. პროექტი ხორციელდება ადგილობრივი ბანკების თანამონაწილეობით, მათი ჯამური ინვესტიცია 4.75 მლნ. დოლარია, ხოლო დაახლოებით 150 მეგავატზე (ჯამური ინვესტიცია 88.45 მლნ აშშ დოლარი) უკვე დასრულებულია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და განიხილება შესაბამისი პროექტების სამშენებლო ეტაპზე გადაყვანა.

ალექსანდრე სოხაძე ასევე საუბრობს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობაზე, რომელმაც მშენებლობის შემთხვევაში, საქართველოსა და ევროპის ენერგეტიკულ სისტემები უნდა დააკავშიროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები