კომპანია Globalize-ის დამფუძნებელი, სალომე კუკავა, BMGTV-ის გადაცემა "საქმიანი დილას" ეთერში ქართველი ბიზნესმენების ამერიკის შეერთებულ შტატებში, SelectUSA ბიზნესსამიტზე ვიზიტს აფასებს და აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო არაერთი კითხვა აქვთ.
SelectUSA აშშ-ის უმსხვილესი საინვესტიციო სამიტია, რომელიც ხელს უწყობს, შეერთებულ შტატებში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. რამდენიმედღიანი ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ში ბიზნესის კეთებასთან დაკავშირებით, შედგა შეხვედრები ინვესტორებთან და აშშ-ის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან.
"რუსული კანონის მიღების შემდეგ პირველი შემთხვევა იყო უცხოეთში ვიზიტის და ძალიან მოულოდნელი დახვედრა გვქონდა. მიჩვეულები ვართ, რომ როდესაც ახსენებ, რომ საქართველოდან ხარ, ყოველთვის სხვანაირად გხვდებიან. მაგრამ განსაკუთრებით მოულოდნელი იყო, რომ არსებობდა კითხვები - "თქვენ თუ იმ საქართველოდან ხართ, აქ რა გინდათო - მსგავსი დამოკიდებულება.
არსებობდა კითხვები, რომლებზეც პასუხები არ გვქონდა და, რეალურად, თავის მართლება მოგვიწია, რაც ძალიან უხერხული იყო. თურმე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ უფრო მძაფრად აღიქმება ყველაფერი, ვიდრე ჩვენ გვეგონა და ამ ყველაფრის ახსნა მოგვიწია, რომ ოქტომბერში ყველაფერი დალაგდება", - ამბობს სალომე კუკავა.
Globalize-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ, მიუხედავად ინვესტორთა სკეპტიციზმისა, აშშ-ში ვიზიტი კომპანიისთვის წარმატებული აღმოჩნდა.
"ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა სამიტი. Globalize ქართულ-ამერიკული კომპანიაა. შესაბამისად, ექსპორტის მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანი კონტაქტები მოვიპოვეთ, რომლებიც განვითარების ამ ეტაპზე ჩვენთვის ძალიან ღირებულია.
პარალელურად მოვაწყვეთ Globalize-ის ღონისძიებაც, სადაც მოვიწვიეთ სტარტაპები, ინვესტორები, ადგილობრივი დიასპორა და, ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ნაყოფიერი ვიზიტი გამოვიდა", - ამბობს ის.
Globalize ქართულ-ამერიკული კომპანიაა, რომელიც ქართულ სტარტაპებსა და ბიზნესებს თავიანთი პროდუქტების საერთაშორისო ბაზარზე გატანაში უწყობს ხელს.