საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, პარლამენტის ეზოში იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. ღარიბაშვილი ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
პრემიერის თქმით, თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იუნკერების თავგანწირვა ჩვენს მეხსიერებაში დარჩა, ხოლო მათი გმირობის მაგალითი ჩვენი თაობებისთვის სახელმძღვანელოა.
„ერთი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც ეს ტრაგიკული მოვლენა მოხდა ჩვენს ქვეყანაში და სწორედ ამ მოვლენამ შეცვალა ჩვენი ქვეყნის მაშინდელი ისტორია. მოვლენამ, რომელმაც პრაქტიკულად, ჩვენი ქვეყანა რეალური განვითარების ტემპს, პროცესებს მოწყვიტა და დიდი ხნის განმავლობაში დაგვაშორა საერთო ევროპულ ოჯახს.
დღეს, ერთი საუკუნის შემდეგ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ. რა თქმა უნდა, იუნკერებმა თავი შეწირეს საკუთარი სამშობლოს დაცვას, თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, მაგრამ, ვერ შეაჩერეს ის უზარმაზარი, ძლევამოსილი წითელი არმია, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა. ჩვენ ვართ დამოუკიდებელნი, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენი მთავარი საზრუნავი, მთავარი ოცნება არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, ტერიტორიულ მთლიანობის და სუვერენიტეტის განმტკიცება და აღდგენა.
ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება ერთობლივი ძალისხმევა, ჩვენი ერის გამთლიანება, რომლის გარეშეც, პრაქტიკულად, მიუღწეველია ეს დიდი, თითოეული ქართველის, ჩვენი თითოეული მოქალაქის, ყველას ოცნება და მე მჯერა, რომ ეს გზა თავისუფლებისკენ, ქვეყნის გაერთიანებისკენ გადის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობაზე, ჩვენი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაზე, სიმშვიდეზე და ჩვენი ერის გაერთიანებაზე. ამიტომაც ჩვენ უნდა გავაგრძელოთ იმ იდეალებისკენ სწრაფვა, რომლებიც იყო იუნკერების იდეალები და ეს იყო ერთიანი, ძლიერი, თავისუფალი საქართველო“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.




























