კომპანია CAMEX Airlines-ის საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელ გიორგი სეთურიძის აზრით, საქართველოს განვითარებისთვის სჭირდება მეტი საექსპორტო ბაზარი და მოთხოვნადი პროდუქციის და მომსახურების შექმნა.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა, ევროპული პერსპექტივიდან გამომდინარე, საქართველოში ბევრი სექტორია, რომელსაც განვითარების პოტენციალი აქვს, თუმცა ბიზნესმენმა ინფრასტრუქტურა და ფინანსური სექტორი გამოყო.
„ჩვენი ქვეყნის მთავარი სიმდიდრე მაინც ადამიანური რესურსია და არ აქვს მნიშვნელობა, მას ქვეყნის შიგნით გამოვიყენებთ თუ გარეთ. თუ ვაწარმოებთ პროდუქციას, რომელიც არ იყიდება შიდა ბაზარზე, მაგრამ ექსპორტზე გავიტანთ საფრანგეთში, ხომ კარგი იქნება?! განათლება, შრომის კულტურა და სურვილი, ვიყოთ მოთხოვნადი - ეს არის მთავარი“, - აღნიშნა მან.
ამასთან, ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ქვეყნის განვითარებას განსაზღვრავს თითოეული მოქალაქე და მათი პასუხისმგებლობის ხარისხი. „ყველა მოქალაქემ, პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა დაუწესოს პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი - რა გვინდა და საით მივდივართ ანუ შოვნიდან უნდა გადავიდეთ შექმნაზე“, - ამბობს გიორგი სეთურიძე.
„წერტილთან“ ინტერვიუში CAMEX Airlines-ის საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური ზრდის ფაქტორებზეც ისაუბრა. მისი აზრით, ზრდის ტემპის ანალიზისას ყურადღება უნდა მივაქციოთ არა მხოლოდ შარშანდელ ან შარშანწინდელ მაჩვენებლებს, არამედ, პირველ რიგში - რეგიონს, რომელშიც საქართველოა.
„ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ არ გვინდა ეს, გვინდა ის; არ გვინდა ესენი, გვინდა - ისინი, მაგრამ შევხედოთ სტატისტიკას, მაგალითად, ტურიზმში - რომელი ქვეყნებიდან ჩამოდიან საქართველოში? - თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, გალფის ქვეყნებიდან. ვინ არიან ჩვენი სავაჭრო პარტნიორები?! - ისევ ეს ქვეყნები“, - დასძინა მან.
რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში? – „იმ მენტალიტეტს, რომელიც გაბატონებულია ქვეყანაში - უსაქმურობა და მხოლოდ მოთხოვნები“, - ასე უპასუხა გიორგი სეთურიძემ „წერტილის“ წამყვანის ტრადიციულ კითხვას.