ქვეყნის განვითარების 10-წლიანი გეგმის შემუშავება ბოლო ეტაპზეა – განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გააკეთა.
Bm.ge დაინტერესდა, რამდენად იცნობს პრემიერის საინვესტიციო მრჩეველი ვაზილ ჰუდაკი საქართველოს და არსებობს თუ არა სტრატეგია, რის მიხედვითაც ის იმუსავებს.
„ბატონი ვაზილ ჰუდაკი ძალიან კარგად იცნობს საქართველოს. საინვესტიციო გარემოს, რადგან წლების მანძილზე ევროპის საინვესტიციო ბანკის დირექტორი იყო და საქართველოს არაერთხელ სტუმრობდა. ჩვენ გვაქვს მომზადებული ცალკე სტრატეგია, რომელიც 10-წლიან გეგმაში შევა და ეს ეხება უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ამ სტრატეგიას დავხვეწავთ სწორედ ბატონ ჰუდაკთან ერთად.
სტრატეგია ბოლო ეტაპზეა, ყველა უწყებამ წარმოადგინა თავისი ნაწილი და ახლა ერთიან დოკუმენტს ვამუშავებთ“, - განაცხადა თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის განვითარების 10–წლიანი სტრატეგიის შექმნა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დაპირებაა, რომელიც მან ჯერ კიდევ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დადო. ღარიბაშვილმა თქვა, რომ პრემიერად დამტკიცების შემთხვევაში 100 დღეში ქვეყნის განვითარების საკუთარ ხედვას წარადგენდა.