ბაქოში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობების წარმომადგენლების მონაწილეობით "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ რიგით მე-12 მინისტერიალი გაიმართება.
ქართულ მხარეს მინისტერიალზე ეკონომიკის მინისტრის მარიამ ქვრივიშვილი წარმოადგენს. სამინისტროს ინფორმაციით, მინისტერიალის მონაწილეები იმსჯელებენ „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევასთან დაკავშირებით, ასევე პროექტის სამომავლო ნაბიჯების განსასაზღვრად დეტალურ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ.
მინისტერიალში მონაწილეობას მიიღებენ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი, უნგრეთის ეკონომიკის და ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ანდრას ტოტი და რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრი კრისტიან ბუსოი.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 17 დეკემბერს აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის გაფორმდა „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ ოთხმხრივი შეთანხმება. დოკუმენტი სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის მწვანე ენერგიის ახალი მარშრუტის შექმნას ითვალისწინებს, რაც ენერგომომარაგების წყაროების დივერსიფიკაციას, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას და რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობის ზრდას შეუწყობს ხელს.




























