დღეს საქართველოს მთავრობამ და "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მართვის შესახებ "ტავ ურბან საქართველოსთან" არსებული შეთანხმების 2031 წლამდე გახანგრძლივების შესახებ კონტრაქტი გააფორმეს. არსებული შეთანხმება 2027 წლამდე იყო მოქმედი და მისი გახანგრძლივების შესახებ გაფორმებული კონტრაქტი აეროპორტის გაფართოებისთვის $150-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას მოიცავს, რომლითაც აეროპორტის გამტარიანობა ამჟამად არსებული 5 მილიონი მგზავრიდან 10 მილიონ მგზავრამდე უნდა გაიზარდოს.
ასევე განახლებული კონტრაქტით შეიცვალა კომერციული პირობები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და "ტავ ურბან საქართველოს" შორის, რის შედეგადაც თბილისის აეროპორტიდან სახელმწიფო კომპანიის შემოსავალი გასამმაგდება. "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2024 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიღებული საავიაციო შემოსავალი 53 მილიონ ლარს შეადგენდა, შესაბამისად ეს თანხა შესაძლოა გასამმაგდეს.
შეთანხმების გაფორმებას დაესწრნენ პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები, TAV-ის მენეჯმენტი და TAV-ის მფლობელი კომპანიის, Airports de Paris-ის (ADP group)-ის მენეჯმენტი.
"არსებული ტერმინალის გამტარიანობა გაორმაგდება და არსებული 5 მილიონი მგზავრიდან 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება. იზრდება თვითმფრინავების სადგომების რაოდენობა, დღეს არსებული 58-დან ის 65-მდე გაიზრდება. აეროპორტების გაერთიანების პირობები გაუმჯობესდა და კომპანია სამჯერ მეტ შემოსავალს მიიღებს, ვიდრე ამჟამად არსებული ხელშეკრულებით არის. ამასთან, კომპანია დამატებით ავანსად 25 მილიონ დოლარს მიიღებს.
იქამდე, სანამ ვაზიანის ახალი აეროპორტი 2031 წლიდან დაიწყებს ოპერირებას, განვაგრძობთ ADP ჯგუფთან თანამშრომლობას და ავიაციის სექტორის განვითარებას," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, ხელშეკრულების შესაბამისად, აეროპორტების გაერთიანება მიიღებს პროექტის ღირებულების საავანსო თანხას — დამატებით 25 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიღებული წლიური შემოსავალი სამჯერ გაიზრდება არსებულ მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, აეროპორტის მმართველი კომპანია უზრუნველყოფს ავიაკომპანიების მარკეტინგული მხარდაჭერის პროგრამის ხელშეწყობას, რაც მნიშვნელოვან წინაპირობას შექმნის ახალი ავიამიმართულებების განვითარებისა და საერთაშორისო ავიაკომპანიების მოზიდვისთვის.
მთავრობის ინფორმაციით, 2025 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5.4 მილიონ მგზავრს მოემსახურა.
ამასთან, მთავრობა კვლავ გეგმავს თბილისში, ვაზიანში ახალი აეროპორტის პროექტის განვითარებას, რომელიც არსებული პროექტით 2031 წლიდან უნდა შევიდეს ოპერირებაში და მან წლიურად 20 მილიონი მგზავრის მომსახურება უნდა შეძლოს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი იურიდიულად სახელმწიფო კომპანიის - "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" საკუთრებაშია, ხოლო "ტავ ურბან ჯორჯია" საკონცესიო შეთანხმების შესაბამისად აეროპორტის ოპერატორია. 2024 წელს "ტავ ურბან ჯორჯიას", ანუ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემოსავალი 341.4 მილიონი ლარი, მოგება კი 184.2 მილიონი ლარი იყო. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი სალიცენზიო ხელშეკრულების შესაბამისად, საერთაშორისო რეისზე თითოეულ მგზავრზე გამგზავრების მომსახურებიდან $25-ის შემოსავალს იღებს.
აეროპორტის გაფართოების რენდერები:



































